50 Best Explores-ი საქართველოში მოგზაურობას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ოთხი ჯგუფი, რომელთა წევრებს შორის იქნებიან შეფ-მზარეულები და სომელიები, საქართველოს ოთხ განსხვავებულ კუთხეს მოინახულებენ, დააგემოვნებენ ქართულ კერძებს და სასმელებს, ასევე გაეცნობიან კულტურას და ბუნებას. მოგზაურობის ფარგლებში 50 Best-ი გადაიღებს ფილმებს სერიებად საქართველოზე, რომელიც ივლისში გავა ეთერში. შესაბამისი ინფორმაცია theworlds50best-ის საიტზე ვრცელდება.
მაშ ასე, პირველი მოგზაურობა იქნება თბილისიდან კახეთამდე მარშრუტზე. ჯგუფში იქნებიან ბერლინში მდებარე რესტორან Tim Raue-ს შეფ-მზარეული და ღვინის კომპანია Saison-ის დამფუძნებელი სან-ფრანცისკოდან. ისინი დაიწყებენ თბილისიდან და გაემგზავრებიან კახეთში, რომელიც ცნობილია ღვინის ტრადიციებით. სტატიაში, რომელიც theworlds50best-ის გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ კახეთს მსოფლიოში ღვინის წარმოების უძველესი ისტორია აქვს. ასევე რეგიონში არის მონასტრები, რომლებიც 1500 წლით თარიღდება და უნიკალური ჯიშის ყურძენი - რქაწითელი, მწვანე და საფერავი. მოგზაურთა ჯგუფი ეწვევა „ხოხბის ცრემლების“ ღვინის საწარმოს და რესტორანს, რომელსაც ამერიკელი ჯონ ვურდემანი ფლობს.
მეორე მოგზაურობა იქნება სამცხე ჯავახეთიდან ქართლამდე. ამ ჯგუფში იქნებიან Schloss Schauenstein-ის შეფ-მზარეული და Schloss Schauenstein-ის ღვინის განყოფილების დირექტორი. ცნობილი შვეიცარიელი შეფ-მზარეული და მისი სომელიე საქართველოს კულტურულად მრავალფეროვან რეგიონს ეწვევიან. როგორც სტატიაში წერია, ჯავახეთის სამზარეულო თურქულ და რუსულ გავლენებს განიცდის და იგი უნიკალური სახეობის პურის სამშობლოა.
მოგზაურთა მესამე ჯგუფი გაემართება სამეგრელოში და იმოგზაურებს სვანეთისკენ. ამ ჯგუფში Atelier Crenn-ის შეფ-მზარეული და Geranium-ის სომელიე შევლენ. სტატიაში გამახვილებულია ყურადღება სვანეთის კულტურაზე, რომელიც უნიკალურ ტრადიციებს მოიცავს, სვანურ მუსიკასა და სუფრაზე, რომელიც მშვიდობის და პატივისცემის ერთგვარი სიმბოლოა.
მეოთხე ჯგუფი კი იმოგზაურებს იმერეთიდან რაჭამდე და ამ ჯგუფში Core by Clare Smyth შეფ-მზარეული და სომელიე შევლენ. ლონდონელი პროფესიონალები გამოცდიან უძველესი რეგიონის ტრადიციებს საქართველოში. ჯგუფი ეწვევა რაჭის სოფელ ნახშირღელეს, სადაც გამორჩეულ ღვინოებს ამზადებენ. ასვე ეწვევიან ბაიას ოჯახს, სადაც ექვსი და ოჯახის ღვინის ტრადიციებს აცოცხლებს. იმერეთში კი ბუნებრივია ისინი დააგემოვნებენ იმერულ ხაჭაპურს.