„ლეიდენის უნივერსიტეტის“ საჰაერო და კოსმოსური მაგისტრი გადაცემა „ქალების ნარატივში“ დრონების ინდუსტრიის პოტენციალზე საუბრობს. ნათია ჯინიუზაშვილი ევროკომისიის შეფასებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დრონების ინდუსტრიამ 2025 წლამდე 100 ათასამდე ადამიანი უნდა დაასაქმოს და $10 მლრდ ოდენობის შემოსავალიც უნდა დააგენერიროს.
„ევროკომისია აღნიშნავს, რომ ეს მაშინ მოხდება თუ დრონების პოტენციალის სრულიად რეალიზებას შეძლებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ დრონები თუ ბორტზე პილოტირებულ საჰაერო ხომალდებთან ერთად არ იფრენენ, პოტენციალის სრულიად რეალიზება ვერ მოხერხდება; ამისთვის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რაც შეეხება დრონების ინდუსტრიას საქართველოში, ვიტყოდი, რომ ევროპას ფეხს კარგად ვუწყობთ, რეგულაციების თვალსაზრისითაც ამ ეტაპზე ყველა ღონისძიებაა განხორციელებული; აღსანიშნავია ისიც, რომ დრონები იმდენად ინოვაციურია და ისე სწრაფად ვითარდება, რომ შეუძლებელია ყველაფერი დაარეგულირო, რადგან ზედმეტი რეგულაციები მომხმარებელს შეაშინებს და ინდუსტრიის განვითარებასაც შეაფერხებს“, - აცხადებს „ლეიდენის უნივერსიტეტის“ საჰაერო და კოსმოსური მაგისტრი.
ნათია ჯინიუზაშვილი იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომლებსაც დრონის მფლობელები უნდა აკმაყოფილებდნენ. „დრონის მფლობელმა რეგულაციები უნდა იცოდეს, უნდა გაიაზროს რა მიზანს ემსახურება მისი დრონის ექსპლუატაცია - ეს არის ბიზნესისთვის თუ გართობისთვის, რადგან მათზე განსხვავებული რეგულაციები ვრცელდება. გასათვალისწინებელია ისიც თუ რამდენად საჭიროა პილოტის მოწმობა, სერტიფიცირება, დაზღვევა და ა.შ.“, - ამბობს ჯინიუზაშვილი.