დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ მთავრობის ბენჩმარქ ობლიგაციებში 5.2 მლნ დააბანდა. 2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციების შემოსავლიანობის განაკვეთი 9.75%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 5,250,000 ლარი, კუპონი კი 9.875 %-ია. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2024 წლის 6 იანვარი.
2022 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მოცულობა 118 385 393 ლარს შეადგენს.
6 თვის მონაცემებით, 14 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 39,685,932,873 ლარს შეადგენდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 20,6 მლრდ ლარია, ხოლო იურიდიული პირების - 19 მლრდ ლარს აღემატება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კი სულ 4,613,834,290 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 2,396,441,705 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 2,217,392,585 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 489,070,605 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 354,562,864 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 134,507,741 ლარის ეკვივალენტი).
ბანკებს ამჟამად დეპოზიტების დაზღვევისთვის ყოველთვიურად 3 მლნ ლარის შენატანის განხორციელება უწევთ.