მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ღია ბანკინგი ამოქმედდება

634fd24b21046
BM.GE
19.10.22 14:44
1022
2022 წლის 9 სექტემბერს მიღებული იქნა ცვლილებები „საგადახდო სისტემების და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში. ეს იყო საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვის პროცესში გადასადგმელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამ ცვლილებით კანონის დონეზე დარეგულირდა ცნებები „გადახდის ინიციირების მომსახურე პროვაიდერი“ და „ანგარიშის ინფორმაციის მომსახურე პროვაიდერი“. ცვლილების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 1 ნოემბერს.

ღია ბანკინგში ჩასართავად ორგანიზაციებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია დასჭირდებათ. ამ ორგანიზაციებს შეეძლებათ მომხმარებლის თანხმობით მიიღონ წვდომა საბანკო ანგარიშზე და მათ სხვადასხვა სახის სერვისი შესთავაზონ. ეს სერვისებია:

1) სხვადასხვა ბანკებში არსებული ანგარიშების კონსოლიდირებულად ნახვის და ერთი წერტილიდან გადარიცხვების გაკეთების
2) საშუალება ანალიტიკის წარმოება, რაში ვხარჯავთ ფულს უფრო მეტად, რა ხარჯების შემცირება გვინდა და ა.შ.
3) სხვადასხვა ინოვაციური გადახდის ინსტრუმენტები

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

“PSD2 რეგულაციით ბევრი სიახლეა, მათ შორის კონკურენცია იზრდება საგადასახდო სფეროებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვა უმჯობესდება. კონკრეტულად ღია ბანკინგს რაც ეხება, არასაბანკო ორგანიზაციებს უფლება ეძლევათ ჩაერთონ ღია ბანკინგში და მომხმარებლებს შესთავაზონ საბანკო სერვისები. შემოვიდა ორი ტიპის ლიცენზია, ერთი არის გადახდის ინიცირების ლიცენზია, ხოლო მეორეა ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერის ლიცენზია. რა განსხვავებაა ამ ორს შორის? - თუკი მეორეს დროს მხოლოდ წვდომა ექნებათ ინფორმაციაზე და შეძლებენ მომხმარებლებს შესთავაზონ ისეთი სერვისი, როგორიცაა ანგარიშების ნახვა, მაგრამ ვერ შეძლებს გადარიცხვის ინიცირებას. მეორეს შემთხვევაში გადარიცხვის ინიცირებაც იქნება შესაძლებელი საბანკო ანგარიშიდან საბანკო ანგარიშზე. ეს კომპანიები გამოიყენებენ საკუთარ აპლიკაციებს და მისი მეშვეობით წვდომას მისცემენ მომხმარებლებს საბანკო ანგარიშებზე და შემდეგ მომხმარებლები თავად მართავენ ამ ანგარიშებს თავიანთი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, არსებული კანონმდებლობა სრულად თანხვედრაშია ევროკავშირის PSD2 რეგულაციასთან.

ამასთანავე, საბანკო ასოციაცია აღნიშნავს, რომ ქსელში ჩართული თითოეული მონაწილე უტყუარად იყოს იდენტიფიცირებული, რათა კიბერშეტევის რისკები იყოს გამორიცხული.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ ამჟამად ბანკებს უკვე გაშვებული აქვთ სატესტო ე.წ. “სენდბოქს” სისტემა, რომლის გამოყენებაც პროვაიდერებს ინტეგრაციის პროცესში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები