მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში IT სექტორის 10-ჯერ ზრდის პერსპექტივა არსებობს“ - თორნიკე თოხაძე

641c578810412
BM.GE
24.03.23 01:00
1246
ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში IT სექტორის პოტენციალი ძალიან დიდია, ამასთან დაკავშირებით მან გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

“საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის პოტენციალი ყველაზე დიდია, თუ დღეს ჩვენი შემოსავალი 2.9 მილიარდი ლარია, ამ თანხის ზრდა შესაძლებელია 10 მილიარდ დოლარამდე საშუალო ვადიან პერიოდში,ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სწორედ იმ ინტერესის საგანია, რაც IT კომპანიებს იზიდავს ასოციაციისკენ. ამ პროგრამის განხორციელების სამი მთავარი პარამეტრია: წვდომა კვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალთან, ბაზრებთან წვდომაში ხელშეწყობა,იგულისხმება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარი, და საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის თანამშრომლობა“, - განმარტა მან.

თორნიკე თოხაძე 2022 წელს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდის მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ სექტორის ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.

„აღსანიშნია, რომ 2022 წელს სექტორის გლობალური ზრდა 8-10%-ს შეადგენდა, გარდა ამისა, რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის ომმა მიგრაციული პროცესები და კომპანიების რელოკაციები გამოიწვია საქართველოში, ასევე, კომპანიებმა, რომლებიც საერთაშორისო სტატუსით შემოვიდნენ საქართველოში 2-3 წლის გამავლობაში, ფეხი მოიკიდეს, დაასრულეს საკადრო ნაწილის შევსება და გაზარდეს შემოსავლები, ამ ყველაფერმა ერთად კი ძალიან დიდი გავლენა იქონია კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდაზე, ამასთან, პანდემიის შემდგომ ტურიზმის აღდგენამაც დიდი გავლენა მოახდინა სექტორის განვითარებაზე“, - აღნიშნავს თოხაძე.

ცნობისთვის: ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მშპ-ში 15%-ია, თუმცა ზრდის ტემპით 2022 წელს ყველაზე გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49.9% შეადგინა. ასეთი დიდი მატების მიუხედავად სექტორი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეცხრე უმსხვილესი სფეროა და მისი ზომა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა სავარაუდოდ, მომდევნო წლებში ის უფრო წინ გადაინაცვლებს. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი 2021 წელს მასში 30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2022 წლის ბოლოს დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41.2 ათასს აღწევდა. ეს სამუშაო ძალის 38%-იანი მატებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები