მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კერძო მასწავლებლების მომსახურებას ბავშვების 19% იყენებს - კვლევა

6440dfb232b1d
BM.GE
20.04.23 11:10
595
კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 პროცენტი და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. კვლევის მიზანი იყო საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა, რომელთა შორისაცაა: განათლების, ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; სასკოლო კვება; უსაფრთხოება სახლში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; ფუნქციური სირთულეები და შეზღუდულ შესაძლებლობასთან ასოცირებული სტიგმა.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშნვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მაცხოვრებელი 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 29 პროცენტს. თუმცა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.

ბავშვის უფლებების დამცველებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განმახორციელებლებს შორის სულ უფრო მზარდი კონსენსუსია იმაზე, რომ, მიუხედავად მისი დიდი მნიშვნელობისა, სიღარიბის მონეტარული საზომები არ არის საკმარისი იმ დანაკლისის მრავალგანზომილებიანი ხასიათის სრულად გასაგებად, რაც გააჩნიათ ბავშვებს და რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მათ განვითარებასა და ცხოვრების სამომავლო შანსებზე. საქართველოში პირველად გაიზომა მრავალგანზომილებიანი ინდექსი - „ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდ მიღებული საზომია. ეს ინდექსი იკვლევს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ 16 საჭიროებას, როგორც ბავშვის, ისე ოჯახის დონეზე. ითვლება, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან სულ მცირე სამი საჭიროებით.

კვლევამ დაადგინა:

● სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 პროცენტი არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 პროცენტი არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
● 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
● საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
● მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით.
● სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
● ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
● ბავშვების 62 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტი დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.

ანალიზის შედეგად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტისთვის გამოვლინდა განსხვავებები ბავშვთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა, არ მიუწვდებოდეთ ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში. ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვებთან შედარებით, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებს თითქმის ოთხჯერ ნაკლები ალბათობით მიუწვდებათ ხელი საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე და ორჯერ და მეტი მაღალი ალბათობით ვერ იღებენ საჭირო მედიკამენტს. აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ალბათობა ბიჭებში 46%-ით მაღალია, ხოლო გოგოებს თითქმის 2.5-ჯერ მეტი ალბათობით არ მიუწვდებათ ხელი ხელოვნების კლასგარეშე აქტივობებზე. თუმცა, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლენილი ყველაზე დიდი უთანასწორობები მატერიალური დანაკლისიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ამ უთანასწორობების წინააღმდეგ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესებესებისთვის.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის ივლის-სექტემბერში, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის მრავალი განზომილების შესახებ მონაცემების შეგროვება. გამოკითხვა მოიცავდა 1279 რესპონდენტთან ინტერვიუს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ. კვლევის შედეგები საქართველოში მცხოვრები ბავშვების წარმომადგენლობითია. კვლევის შედეგები უზრუნველყოს პოლიტიკის შემქმნელებს საჭირო ინფორმაციით, რომელიც დაეხმარება ქვეყანაში სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემების გაძლიერების მიზნით შემდგომი ცვლილებების დანერგვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები