“საქართველოში მოგზაურობაზე ჯერ კიდევ არის მოთხოვნა, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოდ მალე შემცირდება,” - ამის შესახებ BMG-ის ტურისტული კომპანია“Wonderland”-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ქეთი დოჭვირი აცხადებს და აღნიშნავს, რომ მოგზაურობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ისიც, რომ ქვეყნების უმრავლესობისთვის საქართველო წითელ ზონაშია, რაც მოგზაურობიდან დაბრუნების პროცედურას ართულებს. შესაბამისად,მისი თქმით, მხოლოდ რამდენიმე ქვეყნიდან არის მოთხოვნა შენარჩუნებული.
“შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე ფაქტობრივად დასრულდა. ახლანდელი მონაცემებით, ჩვენმა კომპანიამ შეძლო და მივუახლოვდით 2019 წლის ზაფხულის დაახლოებით 40%-იან ნიშნულს. საკმაოდ დიდი დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენს რეგულარულ ბაზრებზე და განსაკუთრებით ბევრ ჯგუფს ვუმასპინძლეთ პოლონეთიდან.
ჩვენს ტურისტებს ვთავაზობთ ყველა ტიპის ტურისტულ მომსახურებას საქართველოს და კავკასიის მასშტაბით. პანდემიამდეც და ახლაც ძირითადი მოთხოვნა არის კულტურულ, სათავგადასავლო, ეკო და ღვინის ტურებზე და ზღვაზე დასვენებაზე,”- აღნიშნა დოჭვირმა.
კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერის თქმით, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგანაც აბსოლუტურად მოულოდნელად ცხადდება ხოლმე ახალი რეგულაციები და შეზღუდვები, ამიტიმ ამბობს, რომ კომპანიაში პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.
“არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ტურიზმზე, ისევ გაუჭირდებათ მოგზაურებს გადაწყვეტილების მიღება და ხშირი იქნება ტურების გაუქმების ან გადადების ფაქტები. რაც შეეხება ზამთარს, ამ შემთხვევაში იმედია, რომ ზამთრის კურორტებს სრულფასოვნად ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ, რაც მთელ სექტორს დაეხმარება შედარებით უმტკივნეულოდ და ნაკლებად კრიტიკულად გაიაროს ეს პერიოდი და სრულფასოვნად მოემზადოს ზაფხულის სეზონისთვის,”-აღნიშნა ქეთი დოჭვირმა.