მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პანდემიამ ციფრული უთანასწორობა გააღრმავა - განათლების სტრატეგია

63198d009b2f3
თამთა ჯიჯავაძე
08.09.22 10:40
510
მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სექტორმა მყისიერად უპასუხა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, პანდემიამ გააღრმავა ციფრული უთანასწორობა, - ამის შესახებ აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2030 წლების სამოქმედო გეგმაში. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ქალაქებიდან მოშორებით მდებარე სკოლებს და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე პირებს, სსსმ და შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, 2020 წლის მარტში, მოსწავლეთა 10%-ს ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და შესაბამის მოწყობილობაზე სახლის პირობებში. მათ შორის, დიდ წილად სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაბამისი მოწყობილობები და არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე.

„საშუალოდ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მერყეობს 40%-იდან 70%-მდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დონე 15%-ია, უმეტესად, მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში. მონაცემების მიხედვით, პანდემიამდე ქალაქის სკოლების მოსწავლეების 82%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა და ასევე ფლობდნენ კომპიუტერებს, ხოლო რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენდა“, - წერია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, სადაც ასევე მოყვანილია Human Rights Watch-ის 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები სასწავლო პროცესში ციფრული რესურსების გამოყენების, ასევე მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით. კერძოდ, კერძო სკოლების, თბილისის და ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები გაცილებით აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და უკეთ აქვთ განვითარებული ციფრული კომპეტენციები, ვიდრე მათი კოლეგები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო, რეგიონში მდებარე თუ არაქართულენოვან სკოლებში“, - წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, განათლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია, რომ არაქართულენოვან სკოლებს აქვთ დამატებითი პრობლემები, კერძოდ: პროფესიული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიმართულებით; არასაკმარისი რესურსები მშობლიურ ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული), Teams-ის პლატფორმის გამოყენების მიმართულებით და ზოგადად, აღნიშნულ ენებზე ელექტრონული რესურსების ნაკლებობა.

განათლების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა - რა წერია დოკუმენტში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები