მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პროგრესის ნაკლებობის გამო, EU მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავს

63188975b5ba2
BM.GE
07.09.22 16:10
843
6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას;

თუმცა ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა, ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები