მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ქართული ველნეს ასოციაცია დაფუძნდა - თამაზ მჭედლიძე მიზნებსა და გეგმებზე

62d000d4ce337
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.22 16:08
1613
კოჯორში მდებარე ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ქართული ველნეს ასოციაცია დაფუძნდა.

BM.GE-ისთან საუბრისას თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ ასოციაცია ოფიციალურად 13 ივლისს დააფუძნა, თუმცა ქვეყანაში ველნესის განვითარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. ასოციაციის მიზანი კი, საქართველოში ველნესის გააქტიურებაა.

„საქართველოში ველნეს მიმართულება განვითარებული არ არის. იმისთვის, რომ მხოლოდ ველნეს კურორტ „ბიოლის“ ინტერესები არ ყოფილიყო ამ მიმართულებით პოზიციონირებული, გადავწყვიტე შემექმნა ასოციაცია, რომლის მიზანი ქვეყანაში ველნესის განვითარება იქნებოდა.

დღეისთვის ვმუშაობთ ასოციაციის მმართველი საბჭოს შექმნაზე, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისგან იქნება დაკომპლექტებული. ესენი იქნებიან ექიმები, ფსიქოლოგები, ბიოლოგები, ბიოქიმიკოსები, გენეტიკოსები და ადამიანები, რომელთა ცოდნაც ვენლესისთვის მნიშვნელოვანია.

ველნესის ორი მიმართულება არსებობს - სპა ველნესი, რაც მინიმალური დონეა და სამედიცინო ველნესი. „ბიოლი“ არის სამედიცინო მიმართულებით ველნეს კურორტი, რომლის კონცეფცია და ბიზნეს გეგმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგმა“ შეიმუშავა, იმისთვის რომ „ბიოლი“ საერთაშორისო დონის წამყვანი სამედიცინო ველნეს კურორტი გამხდარიყო.

ამასთან, ბებია მკურნალი მყავდა და სულ იმას ამბობდა, რომ საქართველოს ბუნების დადებითი მხარეები უნდა გამოგვეყენებინა. მას შემდეგ, რაც ექიმი გავხდი და ძალიან ბევრი კლინიკა გავხსენი, გადავწყვიტე ქართული ველნესი შემექმნა. ზოგადად, სამედიცინო ველნესი ინტერნაციონალურია, თუმცა იმისთვის, რომ ქართულ ველნესს ჰქონდეს განსხვავებული ელემენტები გადმოცემებისა და მეცნიერების დონეზე ჩვენი ბუნების სიძლიერეების გამოყენებით, მინდა ქართული ველნესის შექმნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების იქნება და ის ცოდნა, რომელიც ქართველს ხალხს აქვს გაციფრულდება.

ამასთან, ერთად მნიშვნელოვანია შეიქმნას ინსტიტუტი, სადაც ველნეს თერაპევტის სპეციალობის შესწავლა იქნება შესაძლებელი. ამისთვის მოლაპარაკებები რამდენიმე უნივერსიტეტთან მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის შეიქმნება მმართველი საბჭო და ამის შემდეგ დაიწყება ინვესტორების მოზიდვაზე მუშაობა, რომელიც ქართული ველნეს ინდუსტრიის შექმნაზე იქნებიან ორიენტირებულნი. კითხვაზე - რომელი ქვეყნის ინვესტორებმა შეიძლება ამ მიმართულებით საქართველოში ინვესტიცია განახორციელონ, თამაზ მჭედლიძე პასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს ისრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

„ბიოლის“ ამოქმედების შემდეგ, პანდემიის მიუხედავად, ჩვენს ველნესს კომპლექსს 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეების სტუმრობდნენ. დღეისთვის დამსვენებელს შორის დომინირებენ საუდის არაბეთის და ისრაელის მოქალაქეები. გვყავს სტუმრები ავსტალიიდან, შვეიცარიიდან და ახალი ზელანდიიდანაც კი, თუმცა სტუმართა უფრო დიდი კონცენტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაა, რომლებიც მატერიალურად შეძლებულ ფენას წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბიოლი“ მაღალმხარჯველუნარიან სტუმრებს იზიდავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ველნესის განვითარების მიმართულებით დიდი შესაძლებლობები აქვს.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით ინვესტირებით, მაინც დომინანტი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან დაინტერესებულნი“, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.

ასოციციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ველნეს სექტორის განვითარებისთვის ბევრი რამის გაკეთება იქნება საჭირო: "ერის კეთილგანწყობა, კანონმდებლობის მოწესრიგება, ველნეს თერაპიის ინსტიტუტის გახსნა. პირველი ნიმუშის შექმნა დაწყებულია. გული და სული მაქვს ჩადებული ბიოლში - ქართული ველნესის აკვანში“, - აცხადებს „ბიოლისა“ და დღეს უკვე ქართული ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები