ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსი ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებას ითხოვს. მათი თქმით, საქართველო ვერ იქნება მასპინძელი იმ ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტია.
გარდა სავიზო რეჟიმის დაწესებისა, არსებობს ინიციატივა, რომ რუსი ტურისტებისთვის ე.წ საოკუპაციო გადასახადის შემოღება მოხდეს. ბიზნესი დამატებით ითხოვს, რომ ყველა შემოსულმა რუსმა ტურისტმა ხელი დოკუმენტს მოაწეროს, რითაც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.
"ტრეფიკ ტრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს მოუწოდებს, რომ შესაბამისადვე ნაბიჯები გადადგან. მისი თქმით, უნდა დაინგრეს მითი, რომ რუს ვიზიტორებზეა საქართველოს ტურიზმი დამოკიდებული, რადგან რუსი ტურისტები მიუხედავად საერთო რაოდენობაში დიდი წილისა, დღეს ერთ-ერთ დაბალმხარჯველ ტურისტებად ითვლებიან.
“მე და ჩემი კოლეგები უკვე დიდი ხანია აღარ ვემსახურებით რუს ტურისტებს. ვინც დღესაც მუშაობს რუს ტურისტებზე უბრალოდ მოვუწოდებ, რომ შეადგინონ ფორმა, რაშიც დავეხმარებით. ყველა რუს სტუმარს, რომელიც ჩამოვა საქართველოში ინდივიდუალურად უნდა მოვაწერინოთ ხელი, რომ აღიარებენ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გმობენ რუსულ იმპერიალიზმს. ეს შეგვიძლია მოვთხოვოთ ინდივიდუალურად. სახელმწიფო დონეზე მისაღებია უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ძალიან ბევრი რამე მოგვარდება.” - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.