საქსტატმა დღეს ლომბარდების სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში სალომბარდე საქმიანობით 193 ორგანიზაციაა დაკავებული. სტატისტიკის თანახმად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 27.8%-ია.
"საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 36% - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 22.3% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სალომბარდე სესხი სულ 307 ათას ადამიანს აქვს აღებული, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საკრედიტო პორტფელი კი 282.4 მილიონი ლარია, რაც ერთ სესხზე საშუალოდ 919 ლარს შეადგენს.
სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს სექტორის საბალანსო მოგება 18.4 მილიონი ლარი იყო.
საბანკო სესხებისგან განსხვავებით, სალომბარდე სექტორში კრედიტების უდიდესი ნაწილი - 93% ლარშია ნომინირებული.
საქსტატმა ლომბარდების სექტორის წინა გამოკვლევა 2018 წელს გამოაქვეყნა და ის 2017 წლის მდგომარეობით სფეროს მოცულობას ასახავდა. მაშინ სალომბარდე სესხი 607 ათას ადამიანს ჰქონდა, მათზე გაცემული სესხების პორტფელი კი 391 მილიონი ლარი იყო;
ამასთან, ბაზარზე 875 კომპანია საქმიანობდა და სექტორის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 45%-ს შეადგენდა. 2017 წელს სფეროს ჯამური მოგება 47.6 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სალომბარდე სფეროს ჯამური მოცულობა შემცირდა.