მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სტრუქტურული რეფორმების დანერგვა ნელა ხდება - IMF

6149d71097e17
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 17:03
725
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას. 2021 წელს სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება. IMF-ის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ძირითადი რეფორმის დანერგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული; დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სავალუტო ფონდი ამ რეფორმების ნელ მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის სასამართლო და განათლების რეფორმებზე.

“სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით არსებული რეკომენდაციების დანერგვა ნელა ხდება. მთავრობამ 2019 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა, რაც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და კომპენსაციების გაცემას გულისხმობდა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არ აპირებდნენ კომპეტენციის ამაღლებას, რის გამოც მათ სკოლები დატოვეს. ზოგადი განათლების სისტემის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა განათლების სისტემის სხვა მიმართულებების რეფორმებზე, მათ შორის პროფესიული განათლების რეფორმაზე, ამ მხრივ მუშაობა გრძელდება, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით ამ მხრივ მუშაობა შენელდა. კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ, საპენსიო სააგენტო ამოქმედდა და მან ლარში ნომინირებული ადგილობრივი დანაზოგების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა საპენსიო სააგენტო ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მან ამ დრომდე ინვესტირება მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში მოახდინა. შედარებით უფრო დივერსიფიცირებული ინვესტიციები მომავალში არის მოსალოდნელი. ამასთანავე, იყო მცდელობა განვითარებულიყო მედიაციის სისტემა, როგორც დავების განხილვის ალტერნატიული სივრცე.

IMF-ის გუნდი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კარგი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი. IMF-ის გუნდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლებრივი სისტემის რეფორმის მნიშვნელობას. ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა მოეხდინა სისტემის მოდიფიცირება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, დაენერგა მოსამართლეთა დანიშვნის უფრო გამჭვირვალე წესები, თუმცა ამ მიმართულებით თავად ვენეციის კომისია და საქართველოს განვითარების პარტნიორები რეფორმის სრულფასოვნად განხორციელებას და მისი ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას უსვამენ ხაზს,"- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში. 

განათლების რეფორმა, რომელზეც IMF-ი მიუთითებს პრემიერ მამუკა ბახტაძის დროს დაიწყო, თუმცა პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ ამ მხრივ მთავრობის ხედვა შეიცვალა და უფრო მცირე მასშტაბისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები