"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი გიორგი ონიანი ანტიკორუფციული უწყების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.
მისი თქმით, ანტიკორუფციული ფუნქციები სხვადასხვა უწყებაშია გაბნეული, რაც არ არის გამჭვირვალე.
"ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ იდეა დიდი ხანია არსებობს და არა მარტო იდეა, არამედ კანონპროექტიც შემუშავებულია და რამდენიმე მოწვევის პარლამენტში დავარეგისტრირეთ. ხან ვის შეჰქონდა ეს, ხან - ვის, მაგრამ წინ არ მიიწევდა. ამ პარლამენტში ეს კანონპროექტი პარტია "ლელომ" დაარეგისტრირა და რაღაც ცვლილებებიც შევიტანეთ, მაგრამ პირველი საკომიტეტო მოსმენა ყოველგვარ კომენტარს რომ სცილდება ისეთი იყო - მოვიდნენ და თქვეს, რომ ეს ყველაფერი ტყუილებზეა დაფუძნებული და არ არის კორუფციაო. ეს ახალი იდეა არ არის, ესაა ძალიან ძველი, მაგრამ ძალიან კარგად დამუშავებული იდეა, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება.
დღეს ანტიკორუფციული ფუნქციები სხვადასხვა უწყებაშია გაბნეული, მაგალითად, სუს-ში არის ანტიკორუფციული გამოძიების ნაწილი, არადა ანტიკორუფციული გამოძიება ყველაზე გამჭვირვალე უნდა იყოს, სუსი კი ყველაზე დახურული უწყებაა. აუდიტის სამსახურში არის განაყოფი, რომელიც მაგალითად, პოლიტიკური ფინანსების წარმომავლობით არის დაკავებული. საჯარო სამსახურის ბიურო არის საჯარო მოხელეების დეკლარაციებით დაკავებული და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გაერთიანდეს და ამას ჰყავდეს ერთი აპოლიტიკური, პროფესიონალური ნიშნით დანიშნული ხელმძღვანელი და მან დიდი ნდობით გაატაროს ეს რეფორმები. ბუნებრივია, მას დასჭირდება პარლამენტის დიდი მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოებაც მის გვერდით იქნება", - განაცხადა მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში.