მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქმე არაობიექტურად და არასრულყოფილადაა გამოძიებული“ - "გრინსერვის +"-ის დირექტორის ადვოკატი

63f1e70737aa9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 13:04
897
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს ლაშა ფურცხვანიძეს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, "მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. საქართველოს პროკურატურის მიერ 17 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე დაუმძიმა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილი მედიაცენტრ "მთავარში" ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმე არაობიექტურად და არასრუმყოფილადაა გამოძებული. ბრალდებულის მხარის მთავარი მიზანი კი სიმართლის დადგენაა რისთვისაც ყველა ლეგიტიმურ და სამართლებრივ საშუალებებს გამოიყენებენ. 

„გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ შადრევნის პროექტის შემსრულებელმა კომპანია „გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით შეიძინა, რომ ტექნიკის დამონტაჟება, ექსპლოატაციაში გაშვება მოხდებოდა და შემდგომი გარანტიები ექნებოდათ. მონტაჟი ქარხნის წარმომადგენელმა წესების შესაბამისად განახორციელა და ამ შადრევანმა 3 თვე იმუშავა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია. ამის გარეშე გამოძიება ობიექტური ვერ იქნებოდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს, რაც წარმოუდგენელია, ამ ექსპერტიზის გარეშე დადგინდეს კავშირი შესრულებულ სამუშაოსა და მომხდარ ტრაგედიას შორის. შემსრულებელ კომპანიას ბრალდება ედავება 22 სექტემბერს დამატებითი სამუშაოებისას ექსპერტიზის არ ჩატარებას. 22 სექტემბერს შესრულდა დამატებითი სამუშაო და ტრაგედია 13 ოქტომბერს მოხდა. დღეს უკვე 4 თვეა გასული მომხდარი ტრაგედიიდან და ამ ექპერტიზის ჩატარება, თავად გამოძიებამ ვერ უზრუნველყო. ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდა ამ სადენების დაზიანება, არ ჩაუტარებია საჭირო ექსპერიმენტები, რომელიც ვითარების აღდგენას შესაძლებელს გახდიდა და ამ ტრაგედიის ობიექტური მიზეზის დადგენას შესაძლებელს გახდიდა. ასევე შესრულებელი კომპანია სამუშაოებს ოფიციალურად გაცემული პროექტის შესაბამისად აწარმოებდა. აქ ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ იქნება, რადგან ეს ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია და ამ ინფორმაციის გადამოწმება დღესაც შეიძლება.

ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ 22 სექტემბერს სამუშაოების შესრულების დროს ობიექტზე რაიმე დაზიანება მომხდარიყო. დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რასაც ძირითადად, ბრალდების მხარე ამ დრომდე ეყრდნობა გაყალბებულია და შედგენილია კოპირების პრინციპითაა შედგენილი. ტრაგედიის წინა დღეს, 12 ოქტომბერს და წინა პერიოდში, ელექტროდენი შადრევანში არ ჟონავდა. ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდში 12 ოქტომბრის საღამოს გაურკვეველი მიზეზებით ჩამწერ მოწყობილობაში არ აღმოჩნდა. შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა ამ პერიოდში ელექტროსადენებზე.

ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას და სამართლებრივი საკითხებიდან ადამიანურ ტრაგედიაზე ყურადღების გადატანას. საბოლოდ კი სასამართლოზე ზემოქმედებას საქმის წარუმატებლობის დაზღვევის მიზნით, რაც ჩვენი შეფასებით, ეს როგორც მინიმუმ, უსამართლო და არასწორია. საქმე არაობიექტურად და არასრულყოფილადაა გამოძიებული“, - განაცხადა ადვოკატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები