მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში (იანვარ-მარტი) - გოგიტა თოდრაძე ანალიტიკაში

BM.GE
21.04.23 17:45
252

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 მილიარდ 784 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რაც შარშან იგივე პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 462 მილიონი დოლარია. ზრდა 24.7 პროცენტია. იმპორტი – 3 მილიარდ 322 მილიონი დოლარია; ზრდა 21 პროცენტია. 

2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.9 პროცენტი იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.


2023 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები გავიდა – მთელი ექსპორტის 28.2 პროცენტი. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები. 

რაც შეეხება იმპორტს, იგივე პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტია. პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით – მთელი იმპორტის 14.3 პროცენტი. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები. მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები. 

საქართველო პრაქტიკულად რუსულ ნავთობზე გადაეწყო. პირველ კვარტალში ქვეყანამ ჯამურად 251 მილიონი დოლარის ღირებულების 315 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად საწვავის იმპორტი $6 მილიონით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი მატება 27 ათასი ტონაა.

ამასთან, თუკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოსთვის ნავთობის მთავარი მომწოდებელი რუმინეთი იყო, ხოლო შემდეგ პოზიციებს ბულგარეთი და რუსეთი იკავებდნენ, 2023 წელს ბაზრის სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა. პირველ ადგილზე საწვავის იმპორტით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდან შესყიდული ნავთობის მოცულობაც 422%-ით არის გაზრდილი. ამასთან სხვა ქვეყნების წილი მკვეთრად შემცირებულია. შედეგად რუსეთზე მთლიანი სექტორის 67% მოდის.

რაც შეეხება ავტომობილების რეექსპორტს, პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 412 მილიონი დოლარის ღირებულების 22 ათას 400–ი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 333%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $18 ათასი იყო. ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 99 მილიონ 700 ათასი დოლარის ღირებულების 7 ათას 300–ი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი, მესამეზე კი – ყაზახეთი. ტოპ ხუთეულში შედის რუსეთიც. 


2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. 

რამდენად ლოგიკურია სურათი, რომელსაც ვაკვირდებით?

სტუმარი: გოგიტა თოდრაძე - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები