მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე არსებული რიგების პარალელურად თურქულ და ქართულ მხარეებს შორის შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს?

6261267a3d596
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 13:50
1190
სარფის საბაჟოზე არსებული რიგების პარალელურად, საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსი თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა თურქეთის მხარეს არსებულ "სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიმართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

„ჩვენი საბაჟო ადმინისტრაციების მიზანია, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საფუძველზე, თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს საბაჟო ფორმალობებს. ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვები შეუფერხებლად განხორციელდეს, ხოლო გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტური მართვა გაცილებით მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის", - განაცხადა ლევან კაკავამ.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგები იყო. სატვირთო ავტომობილები თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ეს კი საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც თურქულ ნედლეულზე არიან დამოკიდებული და ასევე საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომლებიც საქართველოს დერეფანს ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ, პროცესებს აფერხებდა. საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებედნენ, რომ ქართული მხარის მხრიდან პრობლემა არ არსებობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები