მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებში ენერგოეფექტური პროექტებისადმი ინტერესის ძირითადი მიზეზი ხარჯების ეკონომიაა - კვლევა

63cd0f77d9984
ალა ისპირიანი
22.01.23 23:55
672
არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Environmental Outlook-მა მცირე ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია. კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ, რა ინფორმაცია აქვთ სასტუმროების მენეჯერებსა და მფლობელებს ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ, რამდენად იყენებენ მათ და სამომავლოდ რამდენად გამოიყენებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.

კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - სტეფანწმინდის, მცხეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში - სულ 26 სასტუმროში ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.

აღმოჩნდა, რომ სასტუმროებში ენერგოეფექტური პროექტებისადმი ინტერესის ძირითადი მიზეზი ხარჯების ეკონომიაა. თუმცა, ზოგიერთ სასტუმროს დამატებითი მოტივაციაც აქვს, კერძოდ, გარემოს დაცვა ან ეკომეგობრული სასტუმროს სტატუსის მიღება.

„სასტუმროების მფლობელების უმრავლესობას გააზრებული აქვთ თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ენერგოეფექტური პროექტები მათ სასტუმროებში. მაგალითად, მზის PV პანელების დაყენება, როგორც სტეფანწმინდაში, ასევე, კვარიათში ეკო-მეგობრულ პროექტში. ასევე რამდენიმე სასტუმროს მფლობელს აქვს სურვილი XPS-ით სასტუმროს დათბუნების სტეფანწმინდაში. ზოგადად, სასტუმროს მფლობელთა უმრავლესობა მზადაა განახორციელოს თანადაფინანსებით ენერგოეფექტური პროექტები.

სასტუმროს მფლობელები ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების ძირითად პრობლემად პროექტების მაღალ საფასო ღირებულებას მიიჩნევენ. რაც ეხება დაბალპროცენტიან სესხს ენერგოეფექტური პროექტების განსახორციელებლად რესპონდენტთა უმრავლესობა მსგავს სესხს არ აიღებდა. მათ დიდ ნაწილს სესხი უკვე აქვთ და დამატებით სესხის აღებისგან თავს იკავებენ. ნაწილი კი ამ სესხის აღებას არ მიიჩნევს ეკონომიკურად რაციონალურად. შესაბამისად, არცერთი რესპონდენტი არ აიღებდა ამ მიმართულებით დამატებით სესხს. რესპონდენტების ნაწილს სმენია ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების შესახებ. მაგალითად იაპონიის საელჩოს, UNDPS, და GIZ-ის მიერ. ეს ინფორმაცია ძირითადად სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში არის გავრცელებული და ერთეულ შემთხვევებში აჭარაში.

სხვა სასტუმროების (სასტუმროები რომლებიც არ მონაწილეობდნენ კვლევაში) მიერ განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ განსხვავებული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტების მიხედვით. სტეფანწმინდაში აცხადებენ, რომ ყველა ახალმშენებარე სასტუმრო დათბუნებულია. აჭარაში შედარებით ნაკლებია ენერგოეფექტური ღონისძიებები და იშვიათ შემთხვევაში აქვთ მზის წყლის გამათბობლები. მთიან აჭარაში ენერგოეფექტური ღონისძიებები ნაკლებად ხორციელდება.

13 ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების სარგებელს რესპონდენტთა უმრავლესობა ხარჯების ეკონომიაში ხედავს. ამასთან, ზოგი მათგანი მიუთითებს გარემოს დაცვის ფაქტორზე. იშვიათ შემთხვევაში რესპონდენტები ფოკუსირდებიან მათი სასტუმროს კონცეფციაზე. მაგალითად, ეკომეგობრული კოტეჯის კონცეფციას, მზის PV პანელები პირდაპირ უკავშირდება. ამიტომ მსგავსი პროექტის განხორციელება პოზიტიური იქნება მარკეტინგული პოზიციონირების კუთხით", - წერია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა პირველი ეტაპია პროექტისა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელების ხელშეწყობას.

კვლევა, პროექტის - „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ პროექტს, GIZ-ის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI-ის) მცირე გრანტების ფარგლებში, გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMUV) ფინანსური მხარდაჭერით GEO ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები