მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმროს ხვალ ვერ გავხსნით, მოსამზადებლად დრო გვჭირდებოდა“ - Amber Group

60364ff64cdab
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 23:30
1349
კომპანია „ამბერ ჯგუფი“, რომელიც სამთო კურორტ გუდაურში სასტუმრო Gudauri Lodge-ს მართავს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ხვალიდან სასტუმროს ვერ გახსნის.

კომპანიის დირექტორი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მათ ოპერირების განახლებისთვის ორი კვირა მაინც ესაჭიროებათ. თუმცა ამ ორ კვირაში სამთო კურორტზე სეზონიც დასასრულს მიუახლოვდება.

„სამუშაო პერსონალის აყვანას მინიმუმ 2-3 კვირა სჭირდება. ამ პერიოდში გუდაურში სეზონი დასრულდება და ზაფხულში სასტუმრო ისედაც თავს ვერ ინახავს და იმ შემოსავლებით ფუნქციონირებს, რასაც ზამთარში მივიღებთ. გვჭირდებოდა დრო მოსამზადებლად.

საბაგიროები არ მუშაობს, რესტორნები იმუშავებს თუ არა ეგეც გაურკვეველია. ბაკურიანის შემთხვევაში და პატარა სასტუმროების შემთხვევაში, ვისაც პერსონალი შენარჩუნებული ჰყავს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისაღები იყოს... ჩვენ სასტუმრო დალუქული გვაქვს, იმიტომ რომ იმედსაც არ გვაძლევდნენ გახსნასთან დაკავშირებით და 121-ნომრიან სასტუმროში სამუშაო ადგილები 15 ადამიანამდე გვაქვს დაყვანილი, მაშინ როდესაც ოპერირებისას სასტუმროში 130 ადამიანი მუშაობდა, გახსნას და სასტუმროს მოწესრიგებას დრო სჭირდება“, - განმარტავს ეკატერინე დუჩიძე.

კითხვაზე - როდის განაახლებს სასტუმრო მუშაობას, „ამბერ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს შესაძლებელი იქნება თუ ვაქცინაცია დროულად დაიწყება.

„თუ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, იქიდან გამომდინარე რომ გუდაური ზაფხულში ტურ-სერიებზე მუშაობს, რა დროსაც ევროპიდან და აზიიდან დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან, თუ სათანადო მოთხოვნა იქნება ამ მიმართულებით გაზაფხულის ბოლოს გავხსნით სასტუმროს, თუ არადა მომავალი წლის სეზონამდე დახურული გვექნება“, - აღნიშნავს „ამბერ ჯგუფის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მთის კურორტებზე სასტუმროები ამოქმედებას ხვალიდან - 25 თებერვლიდან შეძლებენ, ხოლო საბაგიროები 8 მარტიდან ჩაირთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები