"საქართველო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ავტომატურად უარს ამბობს ყველა საფინანსო ორგანიზაციის და შესაძლოა, აშშ-ის დახმარებაზეც", - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის და მინისტრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს მოცულობის დახმარების მიღებაზე, რადგან ამის საჭიროება არ აქვთ.
„საფინანსო ორგანიზაციები და, შესაძლოა, აშშ-ც იტყვიან, თქვენ ხომ უარი უთხარით ევროკავშირს და თანხებს გადავანაწილებთ იმ ქვეყნებზე, ვისაც მართლა სჭირდება დახმარებაო. არ მგონია, მთელი ეს პროცესი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდეს“, - განაცხადა bm.ge-სთან ინტერვიუში კახა გოგოლაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან, დაახლოებით, ორი კვირის წინ ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ ბიუჯეტში მილიარდით მეტი თანხა შევიდა, ვიდრე ელოდნენ.
„ამავე დროს ევროკავშირი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვას აგვიანებდა და როგორც ჩანს, აპირებდა საქართველოს მთავრობის დასჯას, ვინაიდან მათ ცალმხრივად გაწყვიტეს ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ამასთან დაკავშირებული სკანდალი თავიდან აეცილებინა, დაასწრო და გამოაცხადა, რომ 75 მლნ ევრო არ გვჭირდებაო“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი და დასძენს, რომ
"ბიუჯეტში მობილიზებული დამატებით მილიარდი ლარი არ არის დიდი თანხა იმ ფონზე, როცა ქვეყანას უზარმაზარი ხარჯები აქვს".
„ვფიქრობ, დამატებითი მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მხრიდან არ იქნებოდა ურიგო. აზერბაიჯანის მთავრობამ, რომელსაც ევროკავშირმა არ გამოუყო დახმარება, უკმაყოფილება გამოხატა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რატომ არ გვკითხეს, იქნებ ჩვენც გვჭირდებოდა ეს დახმარებაო. აზერბაიჯანს თუ გაუჩნდა ასეთი გრძნობა, არ მგონია, საქართველოს ბიუჯეტში შესული დამატებითი მილიარდი ლარი უფრო მნიშვნელოვანი თანხა იყოს, ვიდრე აზერბაიჯანის ბიუჯეტი, რომელიც ალბათ 5-6-ჯერ უფრო დიდია საქართველოს ბიუჯეტთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ეს იყო პოლიტიკური მანევრი“, - განაცხადა მან.
ანალიტიკოსი ასევე ამბობს, რომ „საერთაშორისო პარტნიორები თავს არ მოიკლავენ ამის გამო - "რაც უფრო ნაკლებ თანხებს გაიღებენ, მით - უკეთესი“.
"ევროკავშირსაც ბევრი ხარჯი აქვს, მით უმეტეს ავღანეთიდან ლტოლვილების ახალი ნაკადის ფონზე. ამიტომაც ევროკავშირი სხვა პრობლემისკენ ან ქვეყნისკენ მიმართავს დარჩენილ თანხას, შესაძლოა, ეს იყოს სომხეთიც.
თუ ჩვენ მართლა მივაღწევთ იმას, რომ არ დაგვჭირდება ევროკავშირის დამხარება, ეს ცუდი არ იქნება, მაგრამ ეჭვი მეპარება. მომავალში დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება ევროკავშირისგან, ამერიკისგან და სხვა ქვეყნებისგან. რაც არ უნდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს საქართველომ მომავალ წლებში, იმდენად დაბლა ვართ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით, რომ დახმარების გარეშე ძალიან ბევრ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ არ გვჭირდება დახმარება, არ ღირს", - აღნიშნა მან.