მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუბარია 1 მილიონზე მეტ ლარზე“... რა დარღვევები აღმოაჩინა შრომის ინსპექციამ COVID-კლინიკებში?

644faf7dcd99d
ელენე გოგბერაშვილი
01.05.23 17:32
837
„შრომის ინსპექციამ“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში მოხვდა სამედიცინო სექტორში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგებიც.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ „შრომის ინსპექციამ“ გასულ წელს 161 კლინიკა შეამოწმა. ვრცელია იმ დარღვევების ჩამონათვალი, რომელიც კლინიკებში დაფიქსირდა.

ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ ადგილი ჰქონდა:

როგორც დანამატის გაუცემლობას, ასევე დანაკლისით გაცემას;

დანამატების სხვა პირებზე გაცემას;

დანამატის გაცემის ხარჯზე ხელფასის შემცირებას ან საერთოდ გაუცემლობას;

დისკრიმინაციას, როგორც შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არათანაბარ მოპყრობას (ექთნების მიმართ);

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეუსაბამობას შრომის კოდექსთან მიმართებით;

მხარეთა შეთანხმების გარეშე ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილებას, როგორც სამუშაო აღწერილობის, ასევე მასთან მიმართებით სამუშაო დროსთან, დამატებით ფუნქცია-მოვალეობებთან და შრომის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით.

შეინიშნებოდა შრომითი ხელშეკრულებების მომსახურების ხელშეკრულებით გაფორმების ტენდენცია.

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის არარსებობა ან მისი შეუსაბამობა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამუშაო დროის აღრიცხვის წესის მოთხოვნებთან;

ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურად მუშაობას;

დასაქმებულთა კუთვნილი შვებულებებისა და დასვენების დროის გაუცემლობას;

კვირის ჭრილში 12/24 საათიანი დასვენების არარსებობას;

ცვლიანობის გრაფიკის დაუცველობას;

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, საუბარია მილიონ ლარზე მეტ თანხაზე, რისი გადახდაც კლინიკებს სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ დანამატების გასწორებისა და დანაკლისების ანაზღაურებისთვის დაეკისრა.

„პირველად, როცა დავიწყეთ ინსპექტირება, დაახლოებით 110 კოვიდ-კლინიკაზე იყო საუბარი, სადაც გარკვეული დარღვევები იქნა გამოვლენილი. ეტაპობრივად 2021 წლიდან დავიწყეთ აღსრულებაზე მუშაობა. მილიონ ლარზე ცოტა მეტზეა საუბარი და თითოეული ადამიანის დარღვეული უფლება ჩვენს მიერ იქნა რეალიზებული. ეს იყო სამინისტროს ინიციატივა. მოგეხსნებათ სახელმწიფო იხდიდა ანაზღაურებას, რომლის გაცემაც საათობრივ ჭრილში უნდა მომხდარიყო მედ პერსონალზე, ექიმებისა და ექთნის მიმართ და ეს დარღვევები იქნა გამოვლენილი. ანაზღაურება იყო მიცემული, მაგრამ გარკვეულწილად იყო დანაკლისი, არ ხდებოდა პროპორციულად, ზუსტი დაანგარიშება“,-აცხადებს bm.ge-სთან ბექა ფერაძე.

„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევებისა და შესაბამისად გაცემული მითითებების შესრულებისა და დამატებითი ანაზღაურების/დანამატის ანაზღაურების მიზნით კლინიკების მიერ განხორციელდა ასი ათასობით ლარის ოდენობით სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ დანამატების გასწორება და დანაკლისების ანაზღაურება”,-წერია ანგარიშში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო დაწესებულებები პაციენტების მიღება/გაწერის პროტოკოლის შეუსრულებლობაში, პერსონალისთვის განკუთვნილი თანხების დაკავებაში, ხოლო ხელმძღვანელი პირები 5 და 10-მაგი ოდენობით ყოველთვიური ხელფასების ზრდაში გასული წლის აპრილში დაადანაშაულა. მინისტრმა ასევე ისაუბრა, როგორ გადაუხადა სამინისტრომ სოლიდური თანხები კლინიკებს ცარიელ საწოლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები