საბანკო სექტორი მიმდინარე წელს უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ 2-3%-იან ზრდას მოელის. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვებს მზარდი ხასიათი აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, საბანკო სექტორი მოელის, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქტივობას შეამცირებს.
ალექსანდრე ძნელაძის თქმით, უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ზრდას ხელს შეუწყობს ასევე სების მიერ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 40-დან 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაც.
„ლარში საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს და წლის ბოლომდე ველოდებით, რომ კიდევ შემსუბუქდება მონეტარული პოლიტიკა, ხოლო საპროცენტო განაკვეთები შემცირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოურ ვალუტაში მზარდი ხასიათი აქვს [საპროცენტო განაკვეთებს] და გაგრძელდება წლის ბოლომდე ზრდა, რადგან სრულადაც არ ასახულა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იმ პორტფელზე, რა პორტფელიც არის. ეს კიდევ მეტად შეამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქტივობას.
რთულია ძალიან თქმა, თუმცა წელს დაახლოებით 2-დან 3%-მდე შეიძლება გაიზარდოს კიდევ [საპროცენტო განაკვეთები]. ეს არის ყველაზე პესიმისტური მოლოდინი“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილის მდგომარეობით უცხოური ვალუტის სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირების შემთხვევაში 7,3%, იურიდიული პირებისთვის კი 11%-ს შეადგენს. რაც შეეხება ლარში არსებულ სესხებს, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 18,6%-ს აღწევს, იურიდიული პირების შემთხვევაში კი 14%-ია.