დაახლოებით, ერთი წელია ბიზნესი შესაფუთი ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას ელის. მთვრობასა და კერძო სექტორს შორის გასულ თვეში გამართული შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა. ბიზნესისთვის რეგლამენტის არსებული რედაქცია მიუღებელია.
ბიზნესი ამბობს, რომ რეგლამენტის მიღება თბილისის მერიის ხისტი პოზიციის გამო ვერ ხერხდება, რადგან კალაძის უწყებას სურს, ნარჩენების გადამუშავება არა ბიზნესმა, არამედ თავად მერიამ მოახდინოს, რისთვისაც კერძო სექტორმა შესაბამისი ფინანსები უნდა გაიღოს.
მხარეებს შორის ჯერ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მართალია არ შემდგარა, თუმცა რეგლამენტის მიღებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი არჩევნებამდე ვარაუდობს. ის ამბობს, რომ პრინციპული საკითხი, რაზეც ბიზნესთან შეუთანხმებლობაა, არის ვინ უნდა წაიღოს თანხები ნარჩენების გადამუშავებისთვის - ბიზნესმა თუ მერიამ. კიდევ ერთი საკითხია გადასაწყვეტი, იქნება თუ არა დარჩენილი ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი ისევ მუნიციპალიტეტი.
„ზოგი ბიზნესმენი გვეთანხმება, ზოგი არ გვეთანხმება, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც იღებს მთავრობა, უნდა რომ იყოს შეთანხმებული ბიზნესთან, რომ ბიზნესი არ დავაზარალოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციებსა და დირექტივებზე ვთქვათ უარი. ვფიქრობთ, ეს იყოს კონსენსუსის გზით, ამიტომ ვფრთხილობთ.
რეგლამენტის გადავადებაზე არ არის საუბარი, თუმცა შეიძლება გადაიწიოს. იმდენი შეხვედრა ჩატარდა ვერავინ იტყვის, რომ ჩვენთან საუბარი არ ყოფილა. მუნიციპალიტეტია ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს საშუალება ამ პროცესში ჩაერთოს, თუ არ უნდა, ნუ ჩაერთვება, ვისაც ჩართვა უნდა ისედაც აკეთებს ამ ღონისძიებას, რატომ ხარჯონ ფული ხელმეორედ მწარმოებლებმა.
არავინ არავისთან დაპირისპირებული არ არის. ვჯერდებით ყველასთან ერთად, მარამ ეს რთული საკითხია, ახალი გამოწვევა, ახალი ინსტიტუცია, თავიდან ვიწყებთ ყველაფერს, ძალიან ჭირს ამის გაკეთება.
დეპოზიტური სისტემის მოდელზე შეთანხმებული ვართ. რეციკლირების შენატანზე გვაქვს პრობლემა, რომ რეციკლირების პასუხისმგებლობა მთლიანად აიღოს მუნიციპალიტეტმა და მას ჰქონდეს უფლებამოსილება, გამოხატოს პოზიცია, თუ ალტერნატივა მივცეთ მწარმოებლებს ან აარჩიოს ან არ აარჩიოს.
ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება თქვათ, რომ თვითონ არიან პასუხისმგებელი, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება მათ ისეთი კომპანია აარჩიონ, რომელსაც არც ავტომანქანა ეყოლება, არც ყუთები ექნება ნარჩენებისთვის, ტრაფიკი შექმნას, მითუმეტეს თბილისში, ქუთაისში, არ ვიცი როგორ იქნება ეს საკითხი, ეს საფიქრალია; მარტივად არ არის, რომ რაღაც ტოლერანტობის გამო მივცეთ, აი, შენ გააკეთე, როგორც გინდა. შორს მიმავალი სიტუაციაა, თუმცა შემდგომში შეიძლება დაიხვეწოს. შეიძლება დღეს მივიღოთ და ხვალ რაღაც შეიცვალოს. სავარაუდოდ, ვფიქრობთ, არჩევნების პერიოდამდე სანამ დასრულდება მივიღებთ რეგლამენტს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც რჩებათ ნარჩენების მწარმოებლებს, ვინ არის პასუხისმგებელი მის მართვაზე. დღეს არის მუნიციპალიტეტი, მაგრამ ხვალაც ის უნდა იყოს?! და ამაში თანხა რა უნდა გადაუხადოს მწარმოებელმა? ასეთ რთულ სიტუაციაში ვართ“, - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.