საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ვოლტის“ გაფიცულ კურიერებს შეხვდა და მათ შრომით უფლებებთან შრომით უფლებებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, კურიერების ნაწილს კომპანია „ვოლტმა“ აპლიკაცია დაუბლოკა, რის გამოც ისინი ვეღარ აგრძელებენ მუშაობას, ნაწილმა კი კომპანიიდან გათავისუფლების შესახებ გამაფრთხილებელი მესიჯი მიიღო. უფლებების დარღვევის განმაპირობებელ გარემოებად კურიერები მათ მიერ კომპანიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ასახელებენ.
სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული განცხადებების შესწავლას და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
შეხვედრას დღესვე გამოეხმაურა „ვოლტ საქართველოს“ გენერალური მენეჯერი, სერგი მარღანია:
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ასევე, ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან და ეს ნამდვილად არის ჩვენი ინტერესი. ამასთანავე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთადერთი პირობაა, შეწყდეს და არასდროს განმეორდეს ძალადობა, ბულინგი და მოქმედი კურიერების საქმიანობის უფლების შეზღუდვა. აღნიშნული ფაქტების ამსახველ მასალას კომპანია აუცილებლად მიაწვდის სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ ფაქტებით დაინტერესდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი პარტნიორები და მომხმარებელი.
რაც შეეხება ხელშეკრულებების შეწყვეტის თემას, ვოლტი ხელშეკრულებას წყვეტს მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, მათზე ძალადობა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში და სხვა".