პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარს აკეთებს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამ ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ფაქტები არ დადასტურებულა. ამის შესახებ მან სვანეთში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბრალდებები, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით, რომ საქართველოში სანქციების გარკვეული გვერდის ავლა ხდებოდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურდა, რომ მსგავსი ფაქტი ქვეყანში არ დაფიქსირებულა. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი მრავალთვიან ცილისწამებაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობდა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ დღეს ბიზნესი და კერძო საკუთრება საქართველოში ხელშეუხებელია და წლების წინ არსებული მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრილია.
„დღეს კერძო საკუთრება დაცულია და ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად ფლობდეს ქონებას და განავითაროს ბიზნესი. ბიზნესი ხელშეუხებელია, ისევე როგორც ადამიანების კერძო საკუთრება. ეს ჩვენი მოქალაქეების ხელშეუხებელი უფლებაა“, - თქვა მან.