მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო იმ შემთხვევაში უნდა შევიდეს ჰიდროპროექტებში, თუ სხვა გამოსავალი არაა - გიორგი მირცხულავა

629f56d8e9d2c
ელენე გოგბერაშვილი
07.06.22 20:00
1107
"მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის იყოს და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების", - განაცხადა 30 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმამთავრობის მეთაური მცირე ენერგო-პროექტებში ინვესტორების ჩართულობას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ მსხვილი ჰესები მხოლოდ სახელმწიფომ უნდა ააშენოს და სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს.

კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი პროექტებში სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობაში გარკვეულ რისკებს ხედავს. გიორგი მირცხულავას აზრით, სახელმწიფოს ზედამხედველის ფუნქცია უნდა ჰქონდეს და მისი პროექტებში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„მინდა, ოპტიმისტურად შევხედო პრემიერის ამ განცხადებას, რათა გაირღვეს ეს წრე და დაიძრას ეს პროექტები, თუმცა ზოგადად, სახელმწიფო კომპანიების მიერ გაკეთებულ პროექტებში ბევრ რისკს ვხედავ.

იმედია, აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ 100%-იანი ინვესტორი სახელმწიფო იქნება. ალბათ რაღაც წილი ექნება სახელმწიფოს კერძო ინვესტორებთან ერთად ან სააქციო საზოგადოება შეიქმნება... სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში, რომ აუხსნას: ამ სარგებელს პირდაპირაც მიიღებ შენ!

ზოგადად მიმაჩნია, რომ წარმატებულ პროექტებს წარმატებულად კერძო სექტორი მართავს. არ მგონია, რომ სახელმწიფომ კერძო ბიზნესში პროექტები წარმატებულად მართოს, თუმცა არის ამის მაგალითები, საქართველოშიც არის სახელმწიფო კომპანიები, არის წილობრივი მონაწილეობა პროექტებში....მე უბრალოდ რისკებს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო უფრო ტლანქია გადაწყვეტილებების მიღებაში...

უნდა დავძრათ ეს პროექტები. თუ ამისთვის საჭიროა რაღაც ეტაპზე სახელმწიფო იყოს თანამესაკუთრე დამოუკიდებელ კერძო ბიზნესთან ერთად, ეს მუშაობს; თუ 100%-ით სახელწიფო უნდა იყოს, აქ რისკებს ვხედავ და მიმაჩნია, რომ რაც ნაკლებს ფლობს სახელმწიფო, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის...

სახელმწიფოს როლია ზედამხედველობა, რომ კომპანიამ არ დაარღვიოს კანონი, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თავიდანვე ჩაიდება მოსახლეობასთან, გარემოს დაცვის კუთხით... ესაა სახელმწიფოს დანიშნულება, შიგნით [პროექტში] როცა შედის სახელმწიფო, ეს უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ არის. რასაც ვხედავ, რთულია დაჯერება, რომ ხვალ ინვესტორი მოვა და ამ პროექტებში ფულს ჩადებს“, - აცხადებს მირცხულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები