მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო კომპანიების ნაწილი ბიუჯეტის ხარჯებში იქნება ასახული - კანონპროექტი

633aaf3620d1a
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 13:49
530

სახელმწიფო კომპანიების ნაწილი ბიუჯეტის ხარჯებში იქნება ასახული - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტიდან ირკვევა.

ახალი კანონპროექტი სახელმწიფო კომპანიების რეფორმას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც მოხდება სახელმწიფო კომპანიების კლასიფიკაცია და კომპანიები გაიყოფიან ორ ნაწილად - სახელმწიფო კორპორაციებიდან და სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებულ კომპანიებად. ეს უკანასკნელი მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც დამოუკიდებელ კომერციულ სუბიექტებად ვერ ოპერირებენ და მუდმივად საჭიროებენ სახელმწიფო სუბსიდიებს. მათი ფინანსები მომავალში ნაერთ ბიუჯეტში იქნება ასახული.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს ცვლილება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:

"კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედების სფეროს გაფართოებას. კოდექსი გავრცელდება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე;

განისაზღვრება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს განმარტება, რომელიც იყოფა ცენტრალური მთავრობის მართვაში არსებულსახელმწიფო საწარმოდ და ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებულ სახელმწიფო საწარმოებად;

ემატება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტის განმარტება, რომელიც განისაზღვრება მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

ცენტრალური ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტის და ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის განმარტებებში აისახება შესაბამისი დონის (ცენტრალური მთავრობის მართვაში, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მართვაში არსებული) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ბიუჯეტი; ასევე ფულადი სახსრების განმარტებაში გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს ფულადი სახსრების განთავსების საკითხი,”- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტს არ ახლავს თან ეკონომიკური პარამეტრები იმის თაობაზე თუ რამდენი სახელმწიფო კომპანია შეიძლება ცენტრალურ ბიუჯეტში გაერთიანდეს ან რამდენი მილიარდი ლარი შეიძლება იყოს მათი ბიუჯეტში ასახვით გამოწვეული ხარჯების ზრდა.

ამის სანაცვლოდ, კანონპროექტში წერია, რომ პროექტის მიღებით ბიუჯეტის ხარჯები არ გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები