"სექტემბერში, პირველად, საქართველომ მეტი ფული მიიღო ევროკავშირის ტურისტებისგან, ვიდრე - რუსეთიდან" - ეს ამონარიდია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებიდან, როდესაც კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე გვიყვებოდა. სებ-ის პრეზიდენტს კონკრეტულ რიცხვებზე არ უსაუბრია და მონაცემები ჯერ არც ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის.
რაც შეეხება უკვე გამოქვეყნებულ სტატისტიკას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოში რუსი ვიზიტორების ნაკადი 20%-ით შემცირდა და 147,425 შეადგინა. ამის პარალელურად, გაიზარდა ტურისტული ნაკადი ისრაელიდან (+31%), გერმანიიდან (+39%), პოლონეთიდან (+22%), აშშ-დან (+22%), უკრაინიდან (+27%) და სხვა ქვეყნებიდან. მიუხედავად ავიასანქციებისა და ვიზიტების შემცირებისა, რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით.
რაც შეეხება შემოსავლებს ტურიზმიდან, სექტემბრის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ "რუსეთის ფრენების შეჩერებამ ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა". ნათია თურნავა არ ყოფილა ერთადერთი, ვინც რეისების გაუქმების გამო შემოსავლების კლებას გაუსვა ხაზი. გასულ კვირას პრემიერმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა ამ საკითხზე. პრესსამსახურის მიერ გვარეცლებულ პრერელიზში პრემიერს ციტირებდნენ, სადაც ის 350 მილიონ დოლარიან კლებაზე საუბრობდა საქართველოს ბიუჯეტში. მოგვიანებით განცხადება ჩასწორდა – 350 მილიონი დოლარანი კლება 350 მილიონ ლარიანი კლებით შეიცვალა.
რეალობა ასეთია: ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველომ ტურიზმიდან 318 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16-ნახევარი მილიონი დოლარით ნაკლებია.
ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის ტურისტული შემოსავლის გამოქვეყნებასთან ერთად კორექტირება გაუკეთა ივლისის და აგვისტოს მაჩვენებლებს. ეროვნული ბანკის განახლებული შეფასების მიხედვით, ივლისსა და აგვისტოში ქვეყნის ტურისტულმა სექტორმა $808.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა ეროვნული ბანკის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით $37.4 მილიონი დოლარით მეტია. ხელახალი კალკულაცია აჩვენებს, რომ თავდაპირველად ეროვნული ბანკის შეფასება რუსული ავიასანქციების ეკონომიკური ეფექტის შესახებ გარკვეულწილად გადაჭარბებული იყო.
კომპანია "ჰელისკი ჯგუფის" ხელმძღვანელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ავიასანქციების დაწესების შემდეგ მოლოდინები ძალიან ნეგატიური იყო, თუმცა ბიზნესისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ კლება არ იქნებოდა კრიტიკული, რადგან რუსეთიდან საზღვრის კვეთის დიდი რაოდენობა სახმელეთო გზაზე მოდიოდა.
"საბოლოო ჯამში, მოლოდინები, მათ შორის კერძო სექტორშიც და არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, იყო პესიმისტური და შედეგი მივიღეთ უკეთესი. დანაკლისი დაახლოებით არის 15% მხოლოდ რუსული ბაზრიდან ვიზიტორთა ნაკადის კუთხით. ეს არ არის კატასტროფული მდგომარეობა. გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები მაღალ ტურისტულ სეზონზე დაგვიწესეს, ველოდებოდით უფრო უარყოფით შედეგს.
კარგია, რომ დავითვალეთ და ვხედავთ, რომ რუსეთის ბაზარი არ არის ისეთი მაღალი გადამხდელი, როგორც სხვა ბაზრებიდან შემოსული ტურისტები საქართველოში. მაგალითად, ცენტრალურმა და აღმოსავლეთ ევროპამ საკმაოდ მაღალი შემოსავლები აჩვენა. ეს უნდა გვაძლევდეს იმის დასკვნის საშუალებას, რომ რეალურად საერთოდ არ გვჭირდება, ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე.
ფაქტია, სახელმწიფო მოხელეები ცდილობდნენ ავიასანქციების მიზანმიმართულ დრამატიზებას. დღემდე არის მცდელობა, ხაზი გაუსვან, რომ ჩვენთვის რუსეთის ბაზარი არის მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ავიამიმოსვლა, რადგან ეს საქართველოს ეკონომიკას ანგრევს, რაც არასწორია", - აცხადებს ვატო ასათაშვილი.
ავიასანქციების დაწესების შემდეგ ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა კომპანია INN GROUP-ის აღმასრულებელ დირექტორს ერეკლე კოკაიასაც, დღეს კი მიიჩნევს, რომ საქართველომ "გამოცდა წარმატებით ჩააბარა".
"ნეგატიური მოლოდინები არამხოლოდ მთავრობიდან იყო; მახსოვს, კერძო სექტორის ბევრი წარმომადგენელი ძალიან დაფრთხა ამ მოვლენების გამო და ზუსტად ამის გამო იყო ფინანსური დახმარების მოთხოვნა. განსაკუთრებით ნეგატიური მოლოდინი იყო ზღვისპირა ქალაქებიდან, სადაც უფრო მეტად იყო დამოკიდებული მოსახლეობა რუს ტურისტებზე. არ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო იყო ეს შიშები, თუმცა იმდენად ცუდად არ განვითარდა მოვლენები, რამდენადაც მოველოდით", - აცხადებს ის.
ერეკლე კოკაის აზრით, ის, რომ პროცესები ძალიან ნეგატიურად არ განვითარდა, მთავრობასთან ერთად, ბიზნესისა და თავად მოქალაქეების დამსახურებაა.
"ბევრ სტრუქტურას მიუძღვის დამსახურება ამ შედეგში, არამხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციას, არამედ კერძო სექტორსაც. მაგალითად, "ინ გრუპმა" ბოლო რამდენიმე თვეში რამდენჯერმე გააკეთა უფასო ინფო–ტური უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ტურკომპანიებს, რომ ახალი კავშირები შექმნან საზღვარგარეთ. ეს ერთი მაგალითია. არსებობენ სხვა კომპანიები, რომლებმაც სხვა ნაბიჯები გადადგეს. ზოგადად კერძო სექტორის დამსახურებაც არის და ჩვეულებრივი მოქალაქეების დამსახურებაც, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, სოციალური ქსელებით რეკლამა გაეკეთებინათ საქართველოსთვის", - აცხადებს ერეკლე კოკაია.