"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 35%-ის დამფინანსებელია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გავიდეს საყოველთაო ჯანდაცვიდან",- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ, გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები და თავისი როლის დელეგირება მაქსიმალურად კერძო სექტორზე მოახდინოს.
კობახიძის განმარტებით, ნორმალურია, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის სექტორის კონტროლს. მისი განმარტებით, ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი ამ სფეროს კონტროლს საკუთარ თავზე არ იღებენ და ამისათვის სადაზღვევო კომპანიებს იყენებენ.
"საყოველთაო დაფინანსებას კერძო ინდუსტრიები უპრობლემოდ განახორციელებენ. დღეს თუ ხვალ გასავლელი გვაქვს ეს გზა იმისათვის, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული", - აცხადებს "ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 520-ე დადგენილების განხილვისას ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობენ, თუმცა, რეალურად, აუცილებლად უნდა დაიზოგოს ხარჯები.
"ამ ეტაპზე დაახლოებით 6-თვიანი დავალიანება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, ამიტომ ამაზე მუშაობას ვაპირებთ", - ამბობს კობახიძე.