საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციამ გასულ წელს ჯამში 5.5 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. TI-ის ცნობითვე, ამ თანხიდან 4 მლნ ლარზე მეტი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა, რაც 2020 წელთან შედარებით 100 517 ლარით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ რწმუნებულების ადმინისტრაციებში გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით.
ყველაზე მეტი - 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე ნაკლები - 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში. 2021 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია ცხრავე ადმინისტრაციაში გაიცა, მათგან ყველაზე მეტი 34 820 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში დაიხარჯა, ყველაზე მცირე კი 6 100 ლარი გურიის ადმინისტრაციაში. გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით გაცემულმა თანხამ 211 210 ლარი შეადგინა, რაც 145 290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობაზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშის თანახმადვე, ადმინისტრაციებს ჯამში 98 ავტომობილი ჰყავთ, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273 432 ლარი დაიხარჯა.
ცხრა ადმინისტრაციამ 2021 წელს 602 937 ლარი დახარჯა 230 692 ლიტრი საწვავის შესასყიდად. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45 066 ლიტრი, რომლის ჯამური ღირებულება 113 883 ლარი იყო. თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10 663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.
“საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული. აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ამ მომსახურეობაზე 48 437 ლარი დახარჯეს.
TI-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.
გასულ წელს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე სამხარეო ადმინისტრაციებმა 4 491 ლარი გახარჯეს. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29 948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი 18 889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.