რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს ეკონომიკის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ანგარიშში არის საუბარი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაა, რაც ფართომასშტაბიან ფისკალურ რეფორმასთან ერთად უნდა განხორციელდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელება აუცილებელია, რათა ამან მომავალში სახელმწიფოსთვის ფისკალური რისკები არ წარმოშვას.
BM.GE-მ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილს ჰკითხა, სად ვართ ამ მიმართულებით ახლა ანუ რომელ საწარმოებში დაიწყება რეფორმა და როგორია გეგმა.
„რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების სახით არის ქვეყანაში, ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპზე ეს საწარმოები ფისკალური სივრცის მომხმარებლები არიან, არადა პირიქით უნდა იყოს - ბიუჯეტში დადებითი წვლილის შემტანები უნდა იყვნენ. ამის მიღწევის მთავარი კომპონენტი კი არის მათი კორპორატიზაცია. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გვიდგას მხარში ამ პროექტის განხორციელებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სულ ახლახან მივიღეთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია, დადასტურებას ველოდებით და ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ, რომ დისკუსია გაიმართოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მის დაწყებას შემდეგი წლიდან ვგეგმავთ", - განაცხადა მირზა გელაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირელ რიგში, უნდა დამტკიცდეს სახელმწიფო საწარმოების სია, სადაც კორპორაციული მმართველობის კოდექსი დაინერგება და რომელიც კორპორაციული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკას გულისხმობს, რითაც სახელმწიფო საწარმოები უნდა იმართებოდეს.
„უნდა დამტკიცეს სახელმწიფო საწარმოების სია, რომელშიც რეფორმა განხორციელდება. ჩვენი მიზანია, ეს განხორციელდეს ყველა სახელმწიფო საწარმოში, რომელიც კლასიფიცირდა როგორც კომერციული პოტენციალის მქონე სახელმწიფო საწარმო. სტრატეგია იქნება ისეთი, რომ ეს მოხდეს ეტაპობრივად“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, თუმცა კითხვას - რომელი საწარმოები კლასიფიცირდა როგორც კომერციული პოტენციალის მქონე, მირზა გელაშვილმა არ უპასუხა.
„ვფიქრობთ, ყველა საწარმოში უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა. რეფორმის სტრატეგიაში, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ, ეს მიდგომები იქნება აღწერილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ
ინფორმაციისთვის: სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა იყო ამ კომპანიების მოგება-ზარალი 2020 წელს, თუმცა ცნობილია რომ “საქართველოს რკინიგზამ” გასულ წელს 164 მილიონით იზარალა, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 205 მილიონი ლარით იზარალა, “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ზარალი კი 382 მილიონი ლარი იყო.
სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათში შრომის ანაზღაურების და თანამშრომლების აყვანის პოლიტიკა სრულიად გაუმჭვირვალეა.
სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 5 მილიარდ ლარზე დიდი ვალები აქვთ აღებული, რომელთა გადახდაც ამ ფირმების გაუარესებული შედეგების, გამო შესაძლოა გადასახადის გადამხდელებს მოუწიოთ.