მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო უნივერსიტეტებს დიდი ქონება აქვთ და სტუდენტები ბინით უნდა უზრუნველყონ - იოსელიანი

632b7769024c1
ალა ისპირიანი
21.09.22 23:00
1117
საპარლამენტო ჯგუფის “მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აკრედიტაციის წესში ცვლილება უნდა შევიდეს და უნივერსიტეტებმა სტუდენტებისთვის საბინაო ფონდი შექმნან.

როგორც მან „საქმიან დილაში“ თქვა, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, როცა სტუდენტები ბინას გაძვირებული ფასით ან საერთოდაც ვერ ქირაობენ, პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი არ იღებენ, რაც არასწორია.

„წელს მაგალითად, 22 ათასი ბავშვი გახდა სტუდენტი და აქედან 6 ათასი ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა მიიღო. ამ უნივერსიტეტის ორი საცხოვრებელი აქვს, ბაგებში და ლისზე, რაც ძალიან ცოტაა. საცხოვრებელში კი ისეთი პირობებია სტუდენტის ცხოვრება არ შეიძლება.

საბურთალოზე ვცხოვრობ და ჩემ სახლთან სამედიცინო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი ახლოს იყო. ახლა იქ ერთ-ერთი კომპანიის შენობაა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ეს ერთადერთი საერთო საცხოვრებელი ჰქონდა. ეს მიწა უნივერსიტეტმა გაყიდა, დეველოპერმა იყიდა და შენობა ააშენა. ხომ შეიძლებოდა მაშინ პირობა ჩადებულიყო, რომ ამ შენობის რაღაც ნაწილი უნივერსიტეტს დარჩენოდა და მერე უნივერსიტეტს თავისი სტუდენტებისთვის საცხოვრებელი შეეთავაზებინა. ეს დამოკიდებულებასაც აჩვენებს, რამდენად გულგრილები არიან უნივერსიტეტები ამ პრობლემის მიმართ და ეს ახლა ძალიან მწვავედ გამოჩნდა“, - ამბობს ლევან იოსელიანი.

მისი მოსაზრებით, უნივერსიტეტის პასუხისმგებლობის ნაწილია, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ.

„უნივერსიტეტებმა ფიქრი უკვე უნდა დაიწყონ, რომ საბინაო ფონდი იქირაონ. გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმონ და მერე ბინის ალტერნატიული შედარებით იაფი საცხოვრებელი სტუდენტებს შესთავაზონ. სახელმწიფო უნივერსიტეტები, ქონების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მდიდარი უნივერსიტეტები არიან. თბილისში მათ ძალიან დიდი ქონება აქვთ. ამ ქონების ნაწილი გაქირავებულია, ნაწილი უპატრონოდ არის მიგდებული. მათი პასუხისმგებლობის ნაწილია სტუდენტს სასწავლო გარემო შეუქმნან“, - ამბობს იგი.

იოსელიანი ამ მიმართულებით ევროპულ გამოცდილებაზეც საუბრობს, სადაც მისი თქმით სრულიად სხვა მიდგომა აქვთ.

„ევროპაში, როდესაც ჩვენი შვილები სასწავლებლად მიდიან, არ მინახავს სადმე ჩასულიყოს და უნივერსიტეტი ხელებს იბანდეს და სტუდენტს ეუბნებოდეს, - არ ვიცით, სადაც გინდა იქ იცხოვრე. ასე არ ხდება. სულ მცირე ბინის ქირაობაში ეხმარებიან. ამისთვის არის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს ეს ბავშვი იმდაგვარად მოაწყოს, რომ შემდგომში სტუდენტს ორიენტირება არა ყოველდღიურ თავის გატანაზე ჰქონდეს, არამედ სწავლაზე. ჩვენ ეს პირიქით არის. ამ ყველაფრის გადალახვა მხოლოდ მშობლებს უწევთ. რომლებიც ამისთვის ემიგრაციაში მიდიან.

ევროპაში გვინდა და იქაური განათლების სისტემის ეს კომპონენტიც უნდა გავითვალისწინოთ. ვფიქრობ აკრედიტაციის წესში უნდა შევიდეს ცვლილება. არ ვამბობ ეს ხვალისთვის გაკეთდეს მაგრამ, 6 წელია აკრედიტაციამდე და ამ 6 წლის მანძილზე მათ საბინაო ფონდი უნდა შექმნან“, - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები