პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის აზრით, პროფესიული პროგრამების დაფინანსების მიდგომა გადასახედია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ უფასო უნდა იყოს იმ პროფესიულ პროგრამებზე სწავლა, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან არის მოთხოვნა.
„მთავარია, ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება“, - აღნიშნა მან.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად.
„არის პროფესიები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, რადგან პოპულარულია და საზოგადოების არის მოთხოვნა, მაგრამ ბიზნესიდან - არა. ვფიქრობ, თუ საზოგადოება გვთხოვს, მაგრამ ბიზნესი ანუ ბაზარი არ ითხოვს ამა თუ იმ პროფესიულ პროგრამას, ის არ უნდა დავაფინანსოთ - ეს არის ჩემი აზრი. თუ ადამიანს მაინცდამაინც სურს, დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომელზეც ბაზარზე მოთხოვნა არ არის, თავად გადაიხადოს სწავლის საფასური, ეს იქნება სწორი პოლიტიკა. განათლების სისტემაში ამ საკითხზე გვიმსჯელია, გვიდებატია და ვფიქრობ გადაიხედება. ამ გზით გამოთავისუფლებული თანხა კი უნდა მიიმართოს ისეთი მოდულების დაფინანსებაზე, როგორებიცაა სამშენებლო ინდუსტრია, IT ტექნოლოგიები, სამედიცინო მიმართულება და ა.შ.“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.
#რედაქტ2-ის კითხვას - „რა არგუმენტი აქვს დღეს განათლების სამინისტროს“, სპექტრის დირექტორმა პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ მიანიშნა, რომ მიზეზი საზოგადოებაში რიგი პროფესიული მიმართულებების პოპულარობაა.
"საოცარ რამეს გეტყვით - განათლების სამინისტროში შედის წერილები, რომ „სპექტრში“ დავიმატოთ ის პროფესიები, რომელზეც უარი ვთქვით. 10 წლის წინ გუნდთან შეთანხმებით რამდენიმე პროფესიული პროგრამა საერთოდ გავაქრე, რადგან ჩვენთვის მთავარია არა - კურსდამთავრებულების რაოდენობა, არამედ - რა სჭირდება ბიზნესს“, - აღნიშნა მათე ტაკიძემ და დასძინა, რომ „სპექტრში“ ყველა პროფესიული პროგრამის შედგენა ბიზნესთან კოორდინაციით ხდება.
პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას „სპექტრის“ დირექტორმა გამოყო საზოგადოებაში ინფორმირების დონის გაზრდის და ასევე, კვალიფიციური პედაგოგების საჭიროება გამოყო.
„სპეციალისტები ჩვენს სექტორშიც გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი პედაგოგიური ჯგუფები და თუ ადგილზე არ გვყავს, უცხოეთიდანაც უნდა ჩამოვიყვანოთ, ვინაიდან მათ შეუძლიათ ხარისხიანი განათლება მისცენ აპლიკანტებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში სწორედ ამ მიზნით მოდიან; სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება აცდენა სამუშაო ძალის მაძიებლებსა და დასაქმების მსურველებს შორის“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.