მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს კუთვნილმა თბოსადგურებმა 95 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავეს

62e93b4e53349
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.22 20:28
1296
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა თბოსადგურებმა 2021 წლის განმავლობაში რეკორდულად დიდი 95-მილიონიანი მოგება გამოიმუშავეს.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, “ნავთობისა და გაზის კორპორაციისა” და "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში მყოფმა “გარდაბანი 1”-ის თბოსადგურმა გასულ წელს 210 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება 75.3 მილიონ ლარს შეადგენდა. “გარდაბანი 2”-ის თბოსადგურის შემოსავალი კი 160 მილიონ ლარს, ხოლო წმინდა მოგება 30 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ კომპანიების მიერ მიღებული წმინდა მოგება დივიდენდად მათ მესაკუთრეებზე - GOGC-სა და "საპარტნიორო ფონდზე" უნდა გაიცეს. 

ორივე თბოსადგურისთვის მთავარ ხარჯს ბუნებრივი აირის შესყიდვა წარმოადგენდა. “გარდაბანი 1”-მა გაზის შესყიდვაზე 90 მილიონი ლარი, “გარდაბანი 2”-მა კი 93.7 მილიონი ლარი დახარჯა.

"გარდაბანი 1"-ის 230-მეგავატიანი სადგური სახელმწიფო დაკვეთით თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ $220 მილიონად ააშენა, “გარდაბანი 2”-ის სადგური კი ჩინურმა ფირმა China Tianchen Engineering Corporation-მა $180 მილიონად ააშენა.

2021 წელს "გარდაბანი 2"-მა 194 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა, "გარდაბანი 1"-მა კი 225 მილიონი კუბური მეტრი.

საქართველოს მთავრობა “გარდაბანი 3”-ის თბოსადგურის აშენებასაც გეგმავს. 272-მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წელს იყო გამოცხადებული და 2020 წლის ნოემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა ინფორმაცია, რომ მასში თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონად ააშენებდა. თუმცა, 2021 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ÇALIK ENERJİ-ის სატენდერო წინადადება უარყოფილი იყო. ამ დრომდე უცნობია, რომელ კომპანიასთან გაფორმდება ამ თბოსადგურის მშენებლობის ხელშეკრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები