მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფოსთან კომუნიკაციას ვითხოვთ, ე.წ. ხიშნიკებს მგზავრების გადაყვანა უნდა აეკრძალოთ“ - „დიდუბის ავტოსადგური“

63e612bb252d5
თინათინ ნატმელაძე
10.02.23 13:58
8121
„გვითხრეს, როცა დრო მოვა დაგიკავშირდებითო, მაგრამ ამ დრომდე სახელმწიფოსთან კომუნიკაცია არ გვქონია. ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მგზავრების უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძემ BM.GE-ს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებაზე მსჯელობას გეგმავს.

როგორც დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი გვიყვება, წლებია სახელმწიფოსგან არალიცენზირებული მძღოლების მიერ მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის აკრძალვას და ამ პროცესების დასარეგულირებლად საზედამხედველო ორგანოს შექმნას ითხოვენ.

„ჩვენ, კანონიერი ავტოსადგურები, ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ გაგვაცნოს კანონპროექტი. ყველა შეკრებასა და სხდომაზე გამოვდივარ სიტყვით, ვაფიქსირებ იმ პრობლემებს, რაც ამ სფეროშია, თავის დროზე ჩვენი შენიშვნებიც მივაწოდეთ, რომელიც ავტოსადგურის შესახებ კანონში ისეთი ცვლილების შეტანას ითხოვდა, რომელიც ე.წ. ხიშნიკებს მუშაობის უფლებას აუკრძალავდა.

ამასთანავე, ავტოსადგურებს აქვს თავის რეგლამენტი, მას უნდა ჰქონდეს ბაქანი, მოსაცდელი დარბაზი, საბილეთო სალაროები, სამედიცინო ოთახი, მძღოლის მოსასვენებელი და ა.შ. სხვები კი უკანონოდ იღებენ ტერიტორიას ბენზინგასამართ სადგურებზე და იქიდან გადაჰყავთ მგზავრები, ამიტომ ასეთ ავტოსადგურებს აუცილებლად უნდა წაუყენდეთ მოთხოვნები და აეკრძალოთ მუშაობა.

მთავრობა გვეუბნება, რომ როცა დრო მოვა, დაგვიკავშირდებიან, მაგრამ ეს დრო არ მოვიდა, წლებია ამ ცვლილებებს ველოდებით“, - განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

„ეს ადამიანები კანონიერ ავტოსადგურებს გვპარავენ ისედაც მცირე რაოდენობის მგზავრს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტარიფი დაბლა დავწიოთ, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ისინი სახელმწიფოსთან და ბიუჯეტთან ანგარიშვალდებულები არ არიან, შესაბამისად მათ შეუძლიათ, რომ ბევრად უფრო დაბალი ტარიფი დააწესონ, ჩვენთან კი ისეთი კონტიგენტი დადის, რომლისთვისაც სამი და ოთხი ლარი მნიშვნელოვანია.

დგებიან ჩვენს კარებთან და მგზავრი ვერ იგებს, ისიც ავტოსადგურის მძღოლი ჰგონია. ვფიქრობ, ამ დროს კი მისი უსაფრთხოებაც არაა დაცული“, - განმარტავს „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი.

მისივე ცნობით, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, ლიცენზირებულ ავტოსადგურებს მგზავრების რაოდენობა გაეზრდებათ, რის შემდეგაც ისინი ხელშეკრულებას დამატებით ახალ მძღოლებთან გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ იმ კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში.

„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი კი აცახდებს, აღნიშნული ცვლილებების ეფექტურობისთვის ზედამხედველი ორგანოს შექმნაა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები