მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახმელეთო საზღვრების გახსნა 90-იან წლებში შუქის მოსვლის სიხარულს ჰგავს - შალვა ალავერდაშვილი

60ace27b045bc
ინგა მურუსიძე
25.05.21 16:08
1199
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათში განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ.

მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ტურიზმის ინდუსტრია. ჰოლტელიერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებას 1990-იან წლებში შუქის მოსვლის სიხარულს ადარებს. "სახმელეთო საზღვრების გახსნა 90-იან წლებში შუქის მოსვლის სიხარულს ჰგავს", - ამბობს ის.

რაც შეეხება მოლოდინებს, შალვა ალავერდაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-დან 40%-მდე ავა.

"ამ დროისთვის ქვეყანაში, ძირითადად, დაბალბიუჯეტიანი სეგმენტია შემოსული, ხოლო როცა საზღვრები გაიხსნება, იმედი გვაქვს, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოვლენ სტუმრები და დატვირთვა გაიზრდება; ჯავშნებიც სწორედ ამ ქვეყნებიდან გვაქვს", - განაცხადა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება პროგნოზებს იმის თაობაზე თუ რამდენად აღდგება წელს ტურიზმის სექტორი, ჰოტელიერის თქმით, 2019 წელთან შედარებით, 30%-35%-ით აღდგენაა მოსალოდნელი. 

"ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობის მაჩვენებელი 55%-მდე ავა, თუმცა ეს რიცხვი სექტემბერ-ოქტომბერში დაიწევს. საბოლოოდ კი, წლიურ ჭრილში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი მაქსიმუმ 30-35% იქნება, თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2019 წელი ათვლის წერტილად და სანიმუშოდ არ უნდა ავიღოთ, რადგან 2019 წლის ცნობილი 20 ივნისის მოვლენები ძალიან ნეგატიურად აისახა ჩვენზე. საუკეთესო 2018 წელი იყო.“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორისთვის  "კომენდანტის საათის" მოხსნაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები