მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა - ბიუჯეტი 70 000 ლარია

64b98ee46a7e9
BM.GE
20.07.23 23:45
386
საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტი 70 000 ლარია. ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

"19 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“.  კონკურსის მიზანია: ქართულ კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის; საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირის გაღრმავებისა და გაძლიერების, ასევე - საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის კულტურული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების (მათ შორის - ონლაინფორმატის) გამართვას ან/და კულტურულ-შემეცნებითი ონლაინპლატფორმის შექმნას სამინისტროს მიერ შერჩეული საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის/სკოლებისათვის დანართის შესაბამისად.
კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომელიც გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის/ღონისძიების განხორციელებას ან ითვალისწინებს საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას.

2022 წელსაც ამავე კონკურსის ბიუჯეტი 70 000 ლარი იყო და კულტურის სამინისტრომ დააფინანსა სამი გამარჯვებული პროექტი.

დაფინანსდა ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მოქმედი სამი ქართული საკვირაო სკოლისთვის ექვსი ონლაინლექციის ჩატარება და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მოკლემეტრაჟიანი საინფორმაციო ფილმის გადაღება, რომელიც განთავსდა ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. გარდა ამისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა პროექტის ფარგლებში გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთსა და აშშ-ში მოქმედი ხუთი ქართული საკვირაო სკოლისთვის ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით ჩაატარა კულტურული ონლაინღონისძიებები, ათენისა და თესალონიკის საკვირაო სკოლებში კი კულტურული ღონისძიებების ადგილზე მოეწყო.

დაფინანსდა პროექტი „ზურიკელას სკოლა“, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფონდის მიერ საზღვარგარეთ, კერძოდ: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში, საბერძნეთსა (თესალონიკი, ათენი) და აშშ-ში მოქმედი შვიდი ქართული საკვირაო სკოლისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი (ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა) გაკვეთილების ჩატარება ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 28 ივლისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: N 032 2 022229, N: 599 20 52 25, სამუშაო საათებში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 14 აგვისტოსი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N 7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/VwpsfIvd

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები