მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი ციფრული ლარის პროექტზე პარტნიორი კომპანიების მოწვევას თებერვალში ასრულებს

63d7b8fd50ce1
BM.GE
30.01.23 16:33
772
საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. დღეს სებ-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი თებერვალში დაასრულებს კომპანიების მოწვევას, იმისთვის, რათა ისინი ციფრული ლარის შექმნის და CBDC ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში ჩაერთონ. 

მას შემდეგ, რაც განაცხადების მიღება ამოიწურება, სებ-ი შეარჩევს პარტნიორ ფინტექ კომპანიას, რომელთან ერთადაც ციფრული ლარის პროექტის კვლევას გააგრძელებს.

"2021 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედველო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.

საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ დაინტერესებული ფინტექ კომპანიების მოწვევის ვადა იწურება. პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად.

ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ახალი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები. საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები