27 ივლისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საკანონმდებლო მოწყობა არის “ჩამორჩენილი”. ეკატერინე გალდავა აცხადებს, რომ სებ-ის საბჭოს წევრთა მონაწილეობა ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან დოკუმენტებში გარანტირებული არაა.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა “რედაქტორის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრალური ბანკების მოწყობის ორი ძირითადი პრაქტიკა არსებობს: პირველია მოწყობა, როდესაც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ფუნქციებით სარგებლობს, ხოლო მეორე მოწყობის პირობებში გადაწყვეტილებები კოლეგიალური პრინციპით მიიღება.
ამასთანავე, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ-ის ინსტიტუციურ მოწყობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომ კანონმდებლობაში აისახება.
“ეროვნული ბანკი არის ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტი, როდესაც ჩვენ საბჭოს განხილვები გვაქვს სხვადასხვა საკითხზე, ყველა წევრი გამოთქვამს თავის აზრს.
მე ასე გაგცემდით ამაზე პასუხს. თუ შევაფასებდით ეროვნული ბანკის მმართველობას, აქ ორი მოდელი არის, ერთია ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ანუ, როდესაც გადაწყვეტილებები ანალიზის საფუძველზე მიეწოდება ხელმძღვანელს და ისე ხდება გადაწყვეტილებების მიღება.
მეორე მოდელია, როდესაც კოლეგიალურად მიიღება გადაწყვეტილება. არ არსებობს ამ შემთხვევაში ცუდი და კარგი მოდელი, ან ჩამორჩენილი მოდელი. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი ფუნქცია დაემატა ეროვნულ ბანკს, თუნდაც მას შემდეგ, რაც მე მოვედი, ვფიქრობ რომ იმის მიმოხილვა, თუ სად ვართ დღეს და რისი გაკეთება შეიძლება, ცუდი არ არის.
ამასთან დაკავშირებით მოვითხოვეთ ტექნიკური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ გაკეთდეს ანალიზი, როგორ შეედრება ვთქვათ ჩვენი პოლიტიკა სხვა ქვეყნების მმართველობის პოლიტიკას და აქედან გამომდინარე თუ იქნება რეკომენდაციები, ამ შემთხვევაშიც შესრულდება ისინი. მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს გლობალურად.
ვფიქრობ, ტექნიკური დახმარების დასკვნაც და განხილვაც საინტერესო იქნება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
უფრო ვრცლად, ეკატერინე გალდავას განცხადება შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.