მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სებ–მა ბევრჯერ გაუძლო ცდუნებას“ – მაიკლ ჰონიგშტაინი ინფლაციის მართვას აფასებს

63e3b8116f3a6
ელენე კვანჭილაშვილი
08.02.23 18:49
1022
საქართველოში აშშ–ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა BMGTV-ის გადაცემას – „ანალიტიკა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან პირისპირ საუბარი გლობალურად და მათ შორის, საქართველოშიც დღეს არსებულ მთავარ გამოწვევას – ინფლაციას და მის მართვას შეეხო.

მაიკლ ჰონიგშტაინი ამბობს, რომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და რა ტიპის ნაბიჯები იქნება უფრო ეფექტიანი. „ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ არ გავაუარესოთ სიტუაცია გრძელ ვადაში“, - ასეთია მაიკლ ჰონიგშტაინის პოზიცია.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს მიაჩნია, რომ საქართველომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო, რადგან ინფლაციის მართვის სადავე სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკს ეჭირა.

„ყველა ნაბიჯი, რომელსაც ეროვნული ბანკი დგამს, შეიძლება პოპულარული არ არის, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა ბევრჯერ გაუძლო ცდუნებას, მოკლევადიანი შედეგებისთვის არ ებრძოლა, რადგან ეს შედეგები გრძელ ვადაში საქართველოს და მის ეკონომიკას აუცილებლად დააზიანებდა“ – სჯერა ჰონიგშტაინს.

ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველის თქმით, ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობესდა, ისიც იყო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეროვნულ ბანკს ენდობიან.

„არის თუ არა ინფლაცია გაცილებით უფრო მაღლა, ვიდრე სამიზნე მაჩვენებელია? არის. ასეა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში? დიახ. მაგრამ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოახერხა რეზერვების შენარჩუნება, ვალის სწორი მენეჯმენტი, ლარის მყარ ნიშნულზე შენარჩუნება მაშინ, როცა დოლარიც გამყარებულია – ამას, როგორც ყველაფერს, დადებითი და უარყოფითი მხარეც აქვს – მაგრამ, რომ შევაჯამოთ, თუ ვიტყვით, რომ საქართველო დღეს კარგ მდგომარეობაშია, ამაში საქართველოს ეროვნული ბანკის უდიდესი წვლილია“, – ამბობს ჰონიგშტაინი.

გადაცემის ავტორის კითხვაზე – რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა ახალი პრეზიდენტის პირობებშიც – ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი „ანალიტიკა“–ს პასუხობს, რომ მთელი ბიზნესსაზოგადოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ყურადღებით მიადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

„საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ვერც აცნობიერებენ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ნამდვილად აცნობიერებენ, რამდენად ღირებული აქტივი იყო საქართველოსთვის ცენტრალური ბანკი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდებში. ვინც არ უნდა დაინიშნოს, ეს საზოგადოება აუცილებლად დასვამს კითხვას – არის კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დამოუკიდებელი? რამდენად გაუძლებს ის პოლიტიკურ ზეწოლას? რამდენად გაუძლებს ის ზეწოლას ბიზნესსექტორისგან, რომლებიც ასევე ხშირად ისწრაფვიან მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად?“ – ამბობს ჰონიგშტაინი.

როგორც ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი „ანალიტიკა“–სთან განმარტავს, ამ ზეწოლის გაძლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად განვითარდეს და გაიზარდოს. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება და რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური აფილირებისგან.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს ის ნდობა, რაც ამ წლების განმავლობაში მოიპოვა. აქ მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, უნარები. საქართველოს ჰყავს ბევრი ეკონომისტი, რომელიც პროფესიონალია, ცნობილია მსოფლიო მასშტაბით და აქვს მდიდარი გამოცდილება. არჩევანი არსებობს“ – ამბობს მაიკლ ჰონიგშტაინი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები