მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენაკის მერიამ 1,069.8 ათასი ლარის ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებულია - აუდიტი

620ff196ea08f
თამთა ჯიჯავაძე
18.02.22 23:17
727
სენაკის მერიამ 1,069.8 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები.

„აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. მაგალითად, ქ. სენაკის ცენტრალური სტადიონის შენობის რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული სარემონტო სამუშაოები, ღირებულებით − 132.5 ათასი ლარი, დაზიანებულია.

გარდა ამისა, უხარისხო სამუშაოები გამოვლინდა 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 937.3 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია სასწავლო დაწესებულებები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოს მიმღები კომისია. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები.

წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. ამასთანავე, დასკვნებით დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხოლო ხარისხი შეფასებულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით. როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხობა ძირითადად სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულებაა.

დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს ხარვეზების გამოსწორებისათვის მიმართა მხოლოდ აუდიტის ჯგუფთან ერთად პროექტების დათვალიერების შემდეგ. წარმოდგენილი ინფორმაციით, ერთ ობიექტზე დაზიანებები აღმოფხვრილია“, - წერს აუდიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები