მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან რუსეთის FSB-ს ტაქსების, მათ შორის "იანდექსის" მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომა ექნება

64ad3c9ead5d4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.23 16:30
1106
2023 წლის პირველი სექტემბრიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ტაქსის შეკვეთების საინფორმაციო სისტემებსა და ბაზებზე, რომლებიც ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შედის, დისტანციურ დაშვებას მიიღებს. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი და დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემების ცნობით, ტაქსის კომპანიებს, რომლებიც რეესტრში არ შედიან, ეფესბედან მოთხოვნის მიღების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ, ხოლო თუ მოთხოვნაში ინფორმაციის "სასწრაფოდ" მიღების მითითება იქნება, ეს ინფორმაცია სამი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს.

თუ ტაქსის მომსახურება დათქმულ ვადებში ინფორმაციის მიწოდებას ვერ მოახერხებს, მაშინ კომპანიამ უწყებას ამ მოთხოვნის შესრულების ვადების შესახებ უნდა აცნობოს და განმარტოს დაგვიანების მიზეზი.

მედიის ცნობით, „როსკომსვობოდას“ პროექტის მიხედვით, რომელიც მათ შორის ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზატორების რეესტრის გაახლებას აკონტროლებს, ამ დროისთვის მასში 371 ჩანაწერია. გასული წლის იანვარში რეესტრში „იანდექსის“ სერვისი ჩაერთო. ჩამონათვალში ტაქსის სხვა კომპანიების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

იურიდიულად, "იანდექსის" სატაქსო სერვისის მიმწოდებელი კომპანია არა რუსეთში, არამედ ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული და მისი სახელია Ridetech International B.V. სწორედ მასთან ფორმდება (მათ შორის საქართველოშიც) ავტომატურად ელექტრონული ხელშეკრულება მაშინ, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციას იწერს.

ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ტაქსის მუშაობის შესახებ კანონს, რომლის მიხედვით ტაქსის სერვისის მომსახურების კომპანიები და მძღოლები ვალდებული არიან შესრულებული მგზავრობის მონაცემები ნახევარი წლის განმავლობაში შეინახონ და აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცავი უწყებებს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები