სავაჭრო ცენტრ "თბილისის ცენტრალის" მოიჯარეებთან დასაქმებული თანამშრომლების 80% სრულად აცრილია, ხოლო რაც შეეხება "თბილისი ცენტრალის" ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათი 90%-ია ვაქცინირებული. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა მიაწოდა. როგორც ყარალაშვილი ამბობს, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე პირბადის ტარება სრულად კონტროლდება, ხოლო თანამშრომლები ყოველ კვირას იტესტებიან.
“თანამშრომელთა 90% არის ვაქცინირებული, ხოლო ვინც არ არის ვაქცინირებული, დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ სავაჭრო ობიექტებს, იგივე მოთხოვნა გვქონდა მათ მიმართ წაყენებული და პერსონალის 80%-მდე აიცრა. ჩვენ მაინც უფრო მაღალი რისკის დანიშნულების ადგილი ვართ. პირბადის ტარება არის 100%-იანი და ყოველ კვირაში ვტესტავთ თანამშრომლებს, როგორც სწრაფი ისე PCR-ტესტებით.
ჩვენი რეკომენდაცია იყო ყველა მოიჯარესთან, რომ სწრაფად დაეწყოთ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი და ჩვენთან წარმოედგინათ შესაბამისი დადასტურება. ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლომდე სრულად აცრილი იქნება ყველა თანამშრომელი", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.