მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკო, ალავიძე, თურნავა - დაჯარიმებული ყოფილი და მოქმედი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები

5e20b21508acf
BM.GE
16.01.20 22:41
1343
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საჯარო მოხელეების ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით ჰქონდათ შევსებული. მათ 596 თანამდებობის პირი შეამოწმეს, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 მათგანს კი გააფრთხილება მიეცა.

დაჯარიმებულებს შორის არაერთი მინისტრი და მინისტრის მოადგილეა. ასევე ყოფილი მინისტრებიც. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

დავით სერგეენკო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც დაჯარიმდა დეკლარაციაში შვილების შემოსავლების მიუთითებლობის გამო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც დაჯარიმდა დეკლარაციაში ოჯახის წევრის (მეუღლის) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილების გამო.

ზურაბ ალავიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელიც დაჯარიმდა 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ცდომილების 2. მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის არ მითითების 3. ერთჯერადი გასავალის არ მითითების გამო, რომელიც აღემატება 5000 ლარს.

ასევე დააჯარიმეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირინე აბულაძე და შალვა გოგოლაძე დეკლარაციების არასწორად შევსების გამო. დაჯარიმებულთა სიაში მოხვდა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანიც და ასევე მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელმაც არ ასახა ინფორმაცია მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დააჯარიმეს ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლერი ბარნაბიშვილი, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე გადადის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი მინისტრის თითქმის ყველა მოადგილე: ლაშა დარსალია, მიხეილ ნინუა, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის გარდა, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაჯარიმდნენ მოადგილეები: აკაკი საღირაშვილი, დავით თვალაბეიშვილი და ყოფილი მოადგილე ლაშა მიქავა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაჯარიმებულთა შორისაა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და ყოფილი მოადგილე მერან მალანია.

ამასთან, დაჯარიმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, რომლის მიერ მიღებულ შემოსავლებში იყო სხვაობა და მას ასევე არ აუსახავს მისი მეუღლის მიერ სხვადასხვა დაწესებულებებიდან მიღებული შემოსავლები.

დააჯარიმეს იური ნოზაძეც, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდა აფხაზეთის ა/რ მინისტრის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის მოადგილე დავით გვაძაბიაც, და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ნოდარ ჩხარტიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები