მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეი ბრინმა Tesla-ს $366 მილიონის აქციები გაყიდა - რას აპირებს Google-ის თანადამფუძნებელი?

644637d74f549
გიორგი არონია
24.04.23 23:34
1227

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Alphabet-ის თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა ნახევარი მილიარდი დოლარის აქტივების მქონე არაკომერციული ორგანიზაცია, Catalyst4 დააფუძნა, რომელიც ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე ფოკუსირდება, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

წმინდა ფილანთროპიული მიზნების გარდა, ასეთი ტიპის საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნებით, რომელიც აშშ-ის საგადასახადო კოდექსის 504-ე მუხლის მე-4 სექციით რეგულირდება, სერგეი ბრინი საგადასახადო შეღავათებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას მიიღებს. ამგვარად, სერგეი ბრინის გადაწყვეტილება სენსაციური სულაც არ არის, რადგან ასეთი ტიპის ფილანთროპიულ ორგანიზაციას, სწორედ ამ მიზნით, აშშ-ში ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი აფუძნებს.

როგორც მარეგულირებლისადმი წარდგენილი დოკუმენტაციიდან ვიგებთ, ორგანიზაციის სადამფუძნებლო კაპიტალის უდიდესი ნაწილი თავად ბრინმა მოიზიდა, რისთვისაც Tesla-ს $366 მილიონის აქციები გაყიდა. მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის აქციები სერგეი ბრინმა ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში გაასხვისა, როცა ილონ მასკის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთი ტრილიონი დოლარის ფარგლებში იყო. არსებობს მოსაზრება, რომ სერგეი ბრინსა და ილონ მასკს შორის კონფლიქტი, რომელზეც, იმ დროს, დასავლური მედია აქტიურად წერდა, სწორედ ამ დროს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მილიარდერებს შორის არსებული შესაძლო კონფლიქტი, მაშინდელი ინფორმაციით, სერგეი ბრინის მეუღლეს, ნიკოლ შანაჰანს და ილონ მასკს შორის არსებულ შესაძლო ურთიერთობას უკავშირდებოდა. მოგვიანებით, ილონ მასკმა ურთიერთობა ურთიერთობა უარყო, ხოლო ბრინი და შანაჰანი 2022 წლის იანვარში გაეყარნენ.

მარეგულირებლისადმი წარდგენილი დოკუმენტით ვიგებთ, რომ Catalyst4-ის მიზანს ნევროლოგიური დაავადებებისა და კლიმატური ცვლილებების ეფექტების შემობრუნების მიმართულებით აღმოჩენების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2021 წლის ბოლოს Catalyst4-ის აქტივების მოცულობა $469 მილიონად იყო შეფასებული და აშშ-ის შემოსავლების სამსახური, ფონდის მიერ, 2022 და 2023 წლებში, დამატებით $100-100 მილიონის მობილიზებას ვარაუდობდა.

ცნობისთვის: სერგეი ბრინი მსოფლიოს რიგით მე-12 ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $86.9 მილიარდად აფასებს. გლობალურ ლიდერებს შორის ვხვდებით ბრინის მიერ დაფუძნებულAlphabet-საც, რომელიც რიგით მე-4 უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აჭარბებს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები