მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სერტიფიცირება საჭიროა“ - საზღვარგარეთ დასაქმების საშუამავლო კომპანია

63eb3b079c117
თამთა ჯიჯავაძე
14.02.23 18:37
885
საქართველოს პარლამენტი მიგრაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს, რომლის თანახმად, შუამავალ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში სერტიფიცირების გავლა მოუწევთ. საზღვარგარეთ დასაქმების შუამავალი კომპანიის „დასაქმება საზღვარგარეთ - შპს საქართველო და მსოფლიო“ ხელმძღვანელი ნოდარ დუმბაძე bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეთანხმება.

„სერტიფიცირება ნორმალურია და საჭიროცაა. ჩვენ ლეგალურად ვასაქმებთ საზღვარგარეთ. თუმცა, ზოგი ბრუნდება უკან, ზოგი რჩება. თავიდანვე გვაქვს დასაქმების მსურველთან გასაუბრება, რა გეგმები აქვთ და ა.შ. ძირითადად ლიტვასა და პოლონეთში ვასაქმებთ. გვაქვს კომუნიკაცია ამ ქვეყნებში დამსაქმებელ კომპანიებთან, რომელთაც სჭირდებათ მუშა-ხელი“, - აღნიშნა ნოდარ დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, მისი კომპანია ამ მიმართულებით ბოლო ორი წელია მუშაობს. „ძირითადად ფიზიკურ სამუშაოზე მიდიან, იქნება ეს ქარხნებში თუ სხვაგან, აქედან გაგზავნილი დასაქმებულები კი ჩვენს კომპანიას შუამავლობის საფასურს დასაქმებულები ერთი თვის შემდეგ უხდიან“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ბოლო ორი წელია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველთა რაოდენობის კლების ან ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენცია არ შეუმჩნევია.

შეგახსენებთ, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირება. სერტიფიცირების პროცედურები იქნება უფასო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები