"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის განცხადებით, სესხების მესამე საყოველთაო გადავადება არ იგეგმება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
რაც შეეხება პირველ ორ შემთხვევაში გადავადებებს და მოქალაქეების წუხილს, რომ გადავადების გამო გადასახადები გაეზარდათ, ბიზნესმენი ასე პასუხობს - „სესხის ვადები დაგრძელდა. საბოლოო გადასახადი არის მათემატიკა, გრძელ ვადას გრძელი გადასახადი აქვს“.
ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების ზრდის ტენდენციაზე დასმული კითხვის პასუხად კი, არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ პროცესი რთული იყო და ამან ყველაზე იმოქმედა. „ჩვენც ვწვალობთ და მოსახლეობა - განსაკუთრებით“, - განაცხადა მან.
“ერთი წელი გვქონდა, რომ ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები შეგვესწავლა. ძირითადი სესხები ან რესტრუქტურიზებულია ან ადეკვატური რეზერვია გაკეთებული. შევხედავთ ინდივიდუალურ საქმეებს და თუ ვხედავთ, რომ ბიზნესი ან მოსახლეობა ითხოვს გადავადებას, ჩვეულებრივად, კომერციული პირობებით გავაგრძელებთ მზაობას. ამისთვის მზად ვართ. მთავარი რისკი საბანკო სისტემაში არის დამატებითი რეზერვის შექმნის ვალდებულება, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ვინაიდან დიდი და ადეკვატური რეზერვი იყო გატარებული. ასეთი საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.