სესხის გაცემაზე მოთხოვნები საკმაოდ გამკაცრებულია, - ამის შესახებ bm.ge-ისთან საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს.
მისი თქმით, მოთხოვნის გამკაცრება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რადგან საფინანსო ინსტიტუტებისთვის საკმაოდ რთული გახდა ამა თუ იმ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შეფასება არაპროგნოზირებულობის გამო.
“ძალიან კარგია, რომ უკვე დაიწყო ეკონომიკის ამოქმედებისა და ადმინისტრაციული შეზღუდვების შემცირება. ეს დაგვანახებს რა სექტორები შეძლებენ გადაწყობას, რა სექტორებს არ დასჭირდებათ გადაწყობა და რა სექტორები დაზიანდება ყველაზე მეტად. ვთქვათ, ტურიზმზე უშალოდ გადაჯაჭვული სექტორები უფრო მეტ ზიანს მიიღებენ და მათი ამოქმედება ცოტა უფრო გვიანი პერიოდის საკითხია, მაგრამ სხვა მიმართულებები შესაძლოა, უფრო მატივად ადაპტირდნენ. ფაქტია, რომ კონკრეტულმა ბიზნესებმა უკვე დაიწყეს ადაპტაცია”, - აცხადებს ძნელაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სესხებზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება, ლოგიკურია, რომ სესხების გაცემა უფრო მკაცრად ხდება, ვიდრე - მანამდე.
“მოლოდინები 1-2- წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეცვლილია. ამიტომ ფიზიკური პირების გადახდისუნარიანობის უფრო პესიმისტური შეფასება ხდება, ვიდრე - მანამდე.
ყოველთვის ვამბობდით, რომ რეგულაციები, რომელიც შემოიღეს, საკმაოდ კონსერვატიული იყო, თუმცა, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკებმა თვითონვე დაადგინეს ამგვარი და კიდევ უფრო მკაცრი ჩარჩოები”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.