ციფრული მედია პლატფორმა “სფიჩი” სტუდენტებისთვის STEM მასტერკლასებზე დასასწრებად მიღებას აცხადებს. მსმენელები კონკურსის საფუძველზე, სამოტივაციო წერილისა და შევსებული ანკეტის მიხედვით შეირჩევიან. დასწრება უფასოა და მასტერკლასების დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა. განაცხადის შევსების ბოლო ვადა, კი 20 სექტემბერია.
აღნიშნული მასტერკლასის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები, Zoom პლატფორმის საშუალებით, 1 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განათლებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს გაუზიარებენ.
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების დანერგვას და განვითარებას. პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას სამშობლოში მოახდენენ. ჩვენი ამოცანაა ახალგაზრდებს შესაძლებლობების გზა მომავლის პროფესიებში გავუხსნათ," -აღნიშნულია განცხადებაში.
გაცნობებთ, რომ პროექტი მედია პლატფორმა “სფიჩის” მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის” ფარგლებში ხორციელდება.
(NS)