მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შატო მერე ვაინსის“ ღვინის ახალი ბრენდი „ჯანიანი“ - როდის დაიწყება წარმოება?

6478b03c9b71f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 01:00
1167

კომპანია „შატო მერე ვაინსი“ ღვინის ახალი ბრენდის ჩამოსხმას იწყებს, რომელიც ბაზარზე „ჯანიანის“ სახელითა და ქართული ეტიკეტით, დაახლოებით, 1 თვეში გამოჩნდება.

2022 წლის პირველ აგვისტოს პარტნიორებმა გიორგი პირადაშვილმა და კახა შენგელიამ ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანია „შატო მერე ვაინს“ დააფუძნეს, თუმცა ღვინის ახალი ბრენდის შექმნაზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყეს და იდეა სისრულეში მოიყვანეს. „ჯანიანის“ წარმოების მოცულობებსა და მახასიათებლებზე გია პირადაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„ეს ქართული წარწერით პირველი ბოთლი იქნება. ღვინო მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ. მე იდეა მქონდა, კახა შენგელია კი ამ საქმის სულის ჩამდგმელია, ის ბოლომდე დამიდგა მხარში. ის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორია. ახალი კომპანიაც დავაფუძნეთ, რომელიც პირველ ღვინოს „ჯანიანის“ სახელით ჩამოასხამს.

მისი კეთება 3 წლის წინ დავიწყეთ და ღვინოც სხვანაირი იქნება. ეს არის ქართული და ფრანგული ჯიშის ყურძნის ნაზავი, რასაც კუპაჟს ან სეპაჟს უწოდებენ. დაახლოებით ერთ თვეში პირველი ბოთლებს ჩამოვასხამთ.

პირველ წელს დაახლოებით 35 000 ბოთლის იქნება წარმოებული, შემდეგი წლიდან კი შედეგებს შევხედავთ. თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდება, მაშინ მოცულობები შეიძლება გავზარდოთ“, - ამბობს პირადაშვილი.

„შატო მერე ვაინსის“ დირექტორი ახალი ღვინის ფასს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ფასწარმოქმნისას მთავარია მომხმარებელს ღვინო ჯერ ვიზუალურად მოეწონოს, ხოლო ყიდვის შემდეგ შიგთავსის მოწონების შემთხვევაში ღირებულება ისაზღვრება.

„რეალიზებას ადგილობრივი ბაზრიდან დავიწყებთ, რადგან ვთვლით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენს ქვეყანაში რას წარმოადგენ. ჩვენ ასე დავიწყეთ „ვინივერიას“ და „შატო მერეს“ ღვინის გაყიდვები და როდესაც ქვეყანაში მყარად ვდგავართ, მაშინ უკვე გავდივართ ექსპორტზე“, - აღნიშნავს გია პირადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები